ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

აჭარაში ფალსიფიცირებული ლიმონათი საგამოძიებო სამსახურმა ამოიღო

საგამოძიებო სამსახურმა სხვისი სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგო გამოყენებისა და ფალსიფიკაციის ფაქტი გამოავლინა. გამოძიებით დადგინდა, რომ აჭარის რეგიონში, ერთ-ერთი ინდივიდუალური მეწარმე, კუსტარულად მოწყობილ საამქროში ახორციელებდა ლიმონათის წარმოებას, რა დროსაც მართლსაწინააღმდეგოდ იყენებდა სხვა იურიდიული პირის სასაქონლო ნიშანს. ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური “ინტერპრესნიუსთან” საუბრისას ავრცელებს.

ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, აღნიშნული პროდუქციის ეტიკეტზე არსებული მახასიათებლები არ შეესაბამება შიგთავსს – შეცვლილია თვისობრიობა. შესაბამისად, პროდუქცია ფალსიფიცირებულია.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია დიდი ოდენობით ფალსიფიცირებული ლიმონათი და ტარა.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 196-ე და 197-ე მუხლების პირველი ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 1-დან 3 წლამდე ვადით.

იტვირთბა....