ახალი ამბები მთავარი სამართალი

2 მოზარდის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულის ადვოკატი გამამართლებელ განაჩენს ითხოვს

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე ერთ-ერთი არასრულწლოვანი ბრალდებულის ადვოკატი ინგა შარაშენიძე გამამართლებელი განაჩენის გამოტანას ითხოვს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ფოტოსურათები, რაც ტელევიზიით ვრცელდება, არასწორია და მისთვის სამწუხაროა, რომ საჯაროდ იმ მტკიცებულებების წარდგენა არ შეუძლიათ, რაც რეალურად ხდება.

ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს.

“ბრალდების მხარე ცდილობს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით დაადასტუროს განზრახ მკვლელობა, რაც აბსურდია. დარწმუნებული ვარ, სასამართლო გაიზიარებს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ დასკვნებს. თუ სასამართლო იტყვის, რომ მაია ნიკოლეიშვილის და ომარ ჯოხაძის დასკვნებს არ გაიზიარებს, ამ შემთხვევაში იძულებული გახდება, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნა გაიზიაროს. ამ შემთხვევაში, იმედი მაქვს, რომ განაჩენი ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის სასარგებლოდ გამოცხადდება. ის კადრები – შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ფოტოსურათები, რაც ტელევიზიით ვრცელდება, არასწორია. ძალიან სამწუხაროა, რომ ტელევიზიით იმ მტკიცებულებების წარდგენა არ შეგვიძლია, თუ რეალურად რა ხდება. მოწმეების ნაწილი გამოძიებას ცრუ ჩვენებას იმიტომ აძლევენ, რომ ასაკიდან გამომდინარე მათ ნაწილს სხვა სახელი არ დაერქვას, ხოლო რამდენიმე კიდევ თავის თავის გადასარჩენად აძლევს ცრუ ჩვენებას. ასეთი ოთხი გვყავს საქმეში, ზუსტად ეს პირები, რომლებიც თავის თავს უფრთხილდებიან, ისინი აძლევენ ჩვენებას სხვა პირების წინააღმდეგ”, – განაცხადა ინგა შარაშენიძემ.

ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების საქმეზე სასამართლო პროცესები დასკვნით ფაზაშია. ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა გუშინ, რამდენიმე საათის განმავლობაში დასკვნითი სიტყვები წარმოთქვეს. დღეს დარჩენილია ბრალდებული მოზარდების რეპლიკები, რომლის შემდეგაც მოსამართლე გადაწყვეტილების მისაღაბად გავა.

ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის 1-ელ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე მოზარდი კი, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს, საავადმყოფოში დაიღუპა. განზრახ მკვლელობის მუხლით დაკავებულია 2 არასრულწლოვანი, ხოლო დანაშაულის დაფარვის მიზნით პასუხისგებაში 5 პირია მიცემული. საქმეზე სასამართლო პროცესები მიმდინარეობს.

იტვირთბა....