ზუგდიდის #1 საჯარო სკოლა დღეს 150 წლის იუბილეს აღნიშნავს. საგანგებოდ ამ დღისთვის საზეიმო ღონისძიება მოეწყობა, რომლის თანაორგანიზატორი ბიზნესმენი და რუსეთში ქართველთა კავშირის პრეზიდენტი და ვლადიმერ პუტინთან დაახლოებული პირი, მიხეილ ხუბუტიაა. მედალოსნების დაჯილდოვების პარარელურად, სტუმართა განწყობაზე თბილისიდან საგანგებოდ მოწვეული მომღერლები იზრუნებენ. მიხეილ ხუბუტია 29 მაისს უკვე იმყოფებოდა სკოლაში და შეხვდა როგორც მოსწავლეებს, ისე სკოლის ადმინისტრაციას. ინფორმაციას “ლაივპრესი” ავრცელებს.
„მე მაქვს საათ-ნახევრიანი ჩემი პროგრამა, რის შემდეგაც მეორე ნაწილი უკვე კონცერტს დაეთმობა. მისი ორგანიზატორია მიხეილ ხუბუტია. მან სკოლას ასეთი საჩუქარი გაუკეთა. ის უკვე გუშინაც იმყოფებოდა სკოლაში. დღეს მონაწილეობას მიიღებს მოსწავლეების დაჯილდოვებაში. აქვს ძვირადღირებული საჩუქრები მოსწავლეებისთვის და ჩამოსულია ბავშვების გასახარად“, – განუცხადა „ლაივპრესს“ #1 საჯარო სკოლის დირექტორმა ნინო გოგინავამ.
სკოლის 150 წლის იუბილეზე დასწრება თავისუფალია. დირექტორის განცხადებით, ელოდებიან ყველას, ვისაც აქვს სურვილი მოსწავლეებს და მასწავლებლებს ეს მნიშვნელოვანი თარიღი მიულოცოს. სტუმრებს შორის იქნებიან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც.

