საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის დავით სარალიძის მამა შეხვდა. შეხვედრა საათზე მეტხანს გაგრძელდა და მასში სარალიძესთან ერთად ზვიად კუპრავა, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილი და პრეზიდენტის მრჩეველი ადამიანის უფლებათა საკითხებში კახა კოჟორიძე მონაწილეობდნენ. შეხვედრა პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინიციტივით შედგა.
„ღრმა დეტალებში შევედით, ზუსტად იმ კითხვის ნიშნებიდან გამომდინარე ვისაუბრეთ. ამ კითხვებზე პასუხის გაცემული მაქვს, თუმცა პროკურატურას არ სურს, რომ აღიაროს. იქიდან მხარდაჭერა გვაქვს,რომ სიმართლემ აუცილებლად უნდა იზეიმოს,“- განაცხადა ზაზა სარალიძემ.
რაც შეეხება მთავარ პროკურორთან ირაკლი შოთაძესთან შეხვედრას, სარალიძე ამბობს, რომ შეხვედრაზე თანახმაა, თუმცა შეხვედრის აზრს ვერ ხედავს.
სარალიძის თქმით, ის მზად არის, პროკურატურის შეთავაზება მიიღოს, თუ მას შესაძლებლობა ექნება მის წარმომადგენლებთან ერთად მივიდეს.
„ძალიან ვთხოვ, ულტიმატუმებს ნუ მიყენებენ. უკანონო ადვოკატიო, უკანონობა მალხაზ კაპანაძემ თვითონ ჩაიდინა. ჩემს მიერ წარმოდგენილ პიროვნებებთან ერთად ნებისმიერ ადამიანთან შესახვედრად მზად ვარ,“- აცხადებს სარალიძე.