დაბა ლაითურში, სადაც ადგილობრივებს ერთადერთი სტადიონი ბიძინა ივანიშვილის ასწლოვანი ხეების ტრანსპორტირების გამო დაშალეს და გადათხარეს, ადგილობრივმა ახალგაზრდებმა, ყოფილი სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე სახელდახელო მინი სტადიონი გააკეთეს, თუმცა მხოლოდ ერთი კარით, რადგან, როგორც ამ,ბობენ, მეორე მთლიანად დაშლილი და დაზიანებული იყო. ინფორმაციას “გურიის მოამბე” ავრცელებს.
სწორედ ამიტომ, უკვე რამდენიმე დღეა ლაითურელი ბავშვები ფეხბურთის თამაშს სწორედ ცალკარიან მოედანზე სწავლობენ და მათი ერტადერთი გასართობიც ეს არის.
ამის შესახებ სოციალურ ქსელში ენმ-ის ადგილობრივი ლიდერი და საკრებულოს დეპუტატი, დავით მჟავანაძეც წერს: “დაბა ლაითურში ივანიშვილისთვის ხის გადატანას შეწირული სტადიონის ერთი კარი არასრულწლოვნებმა საკუთარი ხელით გადაიტანეს შედარებით უკეთეს ადგილზე, მეორე კარი მძიმე ტექნიკამ დაამტვრია და მოზარდებმა საკუთარი ძალებით ვერ შეძლეს შეკეთება. აქვე რამდენიმე მეტრის დაშორებით 9 აპრილის მემორიალზე მიყრილია მოთხრილი ღობის ნარჩენები, ასევე გადათხრია მემორიალთან მისასვლელი ქვაფენილი, აქაურობა ნამდვილ ნაომარს დაემსგავსა და ეს არი ერთი შიზოიდი კაცის მავნებლური ახირების შედეგი”-წერს დეპუტატი.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ლაითურიდან შეკვეთილში დაახლოებით 2 თვის წინ გადაიტანეს ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი ასწლოვანი ხეები.
ხის ტრანსპორტირების გამო კი დაბაში არსებული ერთადერთი სტადიონი გადათხარეს და დაშალეს. ადგილზე მოთხრილია ბოძები და მთლიანად მოშლილია ღობე, რომლითაც სტადიონს პირუტყვისგან იცავდნენ. გარდა ამისა, ფილაქნებია აყრილი დაბის ცენტრში არსებულ 9 აპრილის მემორიალთან მისასვლელ გზაზე, მემორიალზე ღი ღობის ნაწილია მიფარებული.
როგორც ადგილობრივები ამბობენ, ეს ყველაფერი სწორედ იმის გამო9 მოხდა, რომ ყოფილი პრემიერის ხის ტრანსპორტირებაზე ხელი არ შეშლოდათ.
ადგილობრივები აცხადებენ, რომ ივანიშვილის კომპანიის წარმომადგენლები, რომლებიც ხის ტრანსპორტირებას ახორციელებდნენ, მათ დაპირდნენ, რომ სტადიონის მიმდენარე ტერიტორიაზე სკვერი და ახალგაზრდებისთვის დაბაში არსებული ერთადერთი სტადიონიც გაკეთდებოდა, თუმცა იქ მხოლოდ სამი ძირი ნაძვი დაირგო, რომელსაც ხმობა უკვე დაწყებული აქვს.
“ახალგაზრდები ისედაც აღარ ჩერდებიან სოფელში. არანაირი პერსპექტივა აქ არ არის. არც გასართობი საშუალება აქვთ. ეს სტადიონი იყო ერთადერთი, სადაც იკრიბებოდნენ და თამაშობდნენ. გადათხრილია ყველაფერი. ის ბოძები და შესაღობი მასალა სახლებიდან მოვიყანეთ, რომ ახალგაზრდებისთვის გაგვეკეთებინა, ყველაფერი განადგურებულია. არც მინდორია და არც სტადიონი. კომპანიის წარმომადგენლები დაგვპირდნენ, რომ აქ სკვერი გაკეთდებოდა და სტადიონიც დარჩებოდა, მაგრამ ხედავთ რაც ხდება. მესამე თვეა ასეა ყველაფერი გაოხრებული”, – აცხადებენ ადგილობრივები.

