ახალი ამბები მთავარი სამართალი

შოთაძე სარალიძეზე: პირადად ჩავერთვები და მზად ვარ მის კითხვებს პასუხი გავცე

“ბრალდების მხარე და დაზარალებულები ვართ ერთ მხარეზე და ჩვენი მიზანია სწორედ, რომ აღსრულდეს მართლმსაჯულება, დანაშაულის შესაძლო ჩამდენი ყველა პირი კანონით უმკაცრესად დაისაჯოს“, – ამის შესახებ მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის შემდეგ პროკურატურა საზოგადოებას კიდევ უფრო დეტალურად მიაწოდებს გეგმებს და მოსაზრებებს:

“ჩვენმა წარმომადგენლებმა მაქსიმალურად მიაწოდეს საზოგადოებას ის ინფორმაცია, რისი მიწოდების საშუალებაც ჩვენ გვაქვს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსიდან გამომდინარე. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ საქმით დაზარალებულებთან ურთიერთობა და კომუნიკაცია. მთელი პროცესის მანძილზე, პროკურორებს და საქმის წარმომადგენლებს ჰქონდათ მაქსიმალური კომუნიკაცია და ეს კომუნიკაცია კიდევ უფრო გაგრძელდება.

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის ის კითხვები, რომელიც დაზარალებულს აქვს ჩვენს მიმართ. სწორედ ამიტომ, ჩვენ დაზარალებულს შევთავაზეთ სამუშაო ჯგუფებში შეხვედრა, რომელშიც მე პირადად ჩავერთვები და მზად ვარ მის კითხვებს გავცე პასუხი. მე ვფიქრობ, რომ ფორმატი არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ, რომ ჩვენ გვექნება შესაძლებლობა გავაძლიეროთ ეს თანამშრომლობა, რაც არის უმნიშვნელოვანესი, რათა ამ საქმეზე აღსრულდეს მართლმსაჯულება. ბრალდების მხარე და დაზარალებულები ვართ ერთ მხარეზე და ჩვენი მიზანია სწორედ, რომ აღსრულდეს მართლმსაჯულება, დანაშაულის შესაძლო ჩამდენი ყველა პირი კანონით უმკაცრესად დაისაჯოს“, – განაცხადა შოთაძემ.

რამდენიმე დღის წინ, ირაკლი შოთაძემ ზაზა სარალიძეს ზვიად კუპრავასა და მის უფლებადამცველთან ერთად შეხვედრაზე უარი უთხრა.

ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების საქმეზე სასამართლო პროცესები დასკვნით ფაზაშია. ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა გუშინ, რამდენიმე საათის განმავლობაში დასკვნითი სიტყვები წარმოთქვეს. დღეს დარჩენილია ბრალდებული მოზარდების რეპლიკები, რომლის შემდეგაც მოსამართლე გადაწყვეტილების მისაღაბად გავა.

ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის 1-ელ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე მოზარდი კი, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს, საავადმყოფოში დაიღუპა. განზრახ მკვლელობის მუხლით დაკავებულია 2 არასრულწლოვანი, ხოლო დანაშაულის დაფარვის მიზნით პასუხისგებაში 5 პირია მიცემული. საქმეზე სასამართლო პროცესები მიმდინარეობს.

იტვირთბა....