საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ თბილისის მედიათეკაში გამართულ პრეზენტაციაზე განაცხადა, რომ საბანკო და საფინანსო სექტორში მკვიდრდება სამართლიანი წესები, სადაც დაცულია მომხმარებელთა უფლებები. მისი თქმით, რეფორმა ითვალისწინებს ეკონომიკის დაკრედიტების ახალი ხარისხობრივი სტანდარტების დაწესებას და ემსახურება მთავრობის მთავარ მიზანს – მდგრადი, გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდის მხარდაჭერას და ინკლუზიური ზრდის ხელშეწყობას.
“თუ დავუშვათ ადამიანმა აიღო სესხი, დააგირავა ნივთი, შემდეგ მოხდა ვადაგადაცილება და შემდეგ უკვე სხვა ქონებაზე ვრცელდება ეს ვალდებულება, ეს არის ცუდი პრაქტიკა. მაშინ რა აზრი აქვს უზრუნველყოფის სესხს თუ კრედიტორს ისედაც ექნება უფლება სხვა ქონებაზე მოსთხოვოს პასუხი. რეფორმის მიხედვით, თანხის გადაუხდელობის გამო, დაყადაღდება მხოლოდ არსებული გირავნობის საგანი და ყადაღა არ გავრცელდება სხვა ქონებაზე;
იზღუდება ლომბარდებისა და კერძო გამსესხებლების (ე.წ. მევახშეების) სასარგებლოდ რეგისტრირებული ქონების – ავტომობილებისა და უძრავი ქონების დაგირავება;
ეს არარეგულირებადი სფერო იყო, სადაც მომხმარებლების ინტერესების დარღვევის მნიშვნელოვან შემთხვევებს ჰქონდა ადგილი. ჩვენ არ ვკრძალავთ ასეთი ტიპის ტრანზაქციებს. ადამიანები, რომლებსაც სურთ ამ ბიზნესით დაკავდნენ, თუ მოექცევიან რეგულაციების ქვეშ, გაიზიარებენ პასუხისმგებლიანი გაკრედიტების წინადადებებს, მათ ექნებათ უფლება აწარმოონ საქმიანობა.
სესხის წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთის მაქსიმალური ოდენობა, რომელიც დღეს შეადგენს 100%-ს, მცირდება 50%-მდე;
გვქონდა შემთხვევები, როდესაც საკრედიტო ხელშეკრულებაში იწერებოდა პროცენტი, თუ რა პროცენტი უნდა გადაეხადა მომხმარებელს, შემდეგ ჩნდებოდა სხვა ტიპის ხარჯები. მაგალითად, სესხის გაცემის საკომისიო, იურიდიული მომსახურების საკომისიო და რეალურად ეფექტური საპროცენტო განაკვეთი გამოდიოდა უფრო მაღალი. ეს მიუღებელი პრაქტიკაა.
ვადაგადაცილების შემთხვევაში, წესდება მსესხებლისათვის დასაკისრებელი ჯარიმების/სანქციების ლიმიტი, რომელიც დაანგარიშდება სესხის ნარჩენი ძირითადი თანხიდან და ვადაგადაცილების ხანგრძლივობის მიუხედავად, არ გადააჭარბებს დარჩენილი ძირითადი თანხის 1.5-მაგ ოდენობას;
წესდება ლიმიტი სესხის ხელშეკრულებაში გათვალისწინებული ნებისმიერი ხარჯის (ჯარიმა, ნებისმიერი საკომისიო, ფინანსური ხარჯი, პირგასამტეხლო) ოდენობაზე და განისაზღვრება წლიური 98.55%-ის ოდენობით, ნაცვლად დღეს არსებული წლიური 150%-ისა. ზღვარის დაწესებით აღნიშნული ხარჯების ლიმიტი მცირდება 51.45%-ით;
მოძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხების გამცემ სუბიექტებს, ე.წ. ლომბარდებს მოეთხოვებათ უზრუნველყონ გამჭვირვალობის მაღალი ხარისხი და გონივრულ ვადაში დანერგონ კომპიუტერული პროგრამა, სადაც აღირიცხება ყველა დაგირავებული ნივთი; დღეს რა პრაქტიკაც არის გამჭვირვალობის ხარისხი არის ძალიან დაბალი, და ამასთან, სამწუხაროდ, ზოგ შემთხვევებში ლომბარდების საქმიანობა კრიმინალის წამახალისებელი გახდა, ვინაიდან სხვადასხვა მოპარული ნივთები აღმოჩენილა ლომბარდში.
ვისაც სურს დაკავებული იყოს სრულფასოვანი ფინანსური შუამავლობით, შეუძლია ნებაყოფლობით მოექცეს ეროვნული ბანკის ზედამხედველობის ქვეშ და განახორციელოს ზემოთხსენებული საქმიანობა.
აღნიშნული წესები გავრცელდება მთელ ფინანსურ სექტორზე – ბანკებზე, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებზე, ლომბარდებზე, კერძო გამსესხებლებზე (ე.წ მევახშეებზე) და ნებისმიერ კერძო თუ იურიდიულ პირზე, რომელიც დაკავებულია ამ სფეროში ფინანსური საქმიანობით; ახალი ინიციატივა შინაარსობრივ თანხვედრაშია მთავრობის სხვა რეფორმებთან როგორიცაა, სასტარტო კაპიტალის რეფორმა, საგადასახადო მიმართულებით დაანონსებული სიახლეები და აძლიერებს ამ ინიციატივების მოსალოდნელ პოზიტიურ შედეგებს”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
imereti.news