გადაცემა “არჩევანის” ეთერში ხორავას ქუჩაზე მოკლული ერთ-ერთი მოზარდის, დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ეკა ბესელიას ეკამათა.
მას გამოძიების მისამართით ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა აქვს და აცხადებს, რომ პროკურორები შეურაცხყოფას აყენებენ.
„ბატონმა, ირაკლი შოთაძემ, როდესაც განაცხადი გააკეთა იმასთან დაკავშირებით, რომ ჩემთან შეხვედრა სურდა, ზუსტად ორ საათში გააკეთა განაცხადება ზვიად ფხაკაძემ, ჩემი საქმის პროკურორმა, რომ ბატონი გენერალური პროკურორი მზად არის ზაზა სარალიძესთან შესახვედრად, ნებისმიერ ადამიანთან თანდასწრებითო. მივიყვანე ნებისმიერი ადამიანი – ჩემი უფლებადამცველები და არ შეგვიშვა ბატონმა შოთაძემ და ახლა ითხოვს ხელახლა შეხვედრას?“ – განაცხადა ზაზა სარალიძემ.
ზაზა სარალიძე ეთერში აღელდა და პროკურატურას უნდობლობა გამოუცხადა.
„ჩემი შვილის უკან დგას ჩემი შვილის მეგობრები, რომლებსაც უნდათ, რომ სისხლი დაღვარონ, დავაღვრევინოთ? ვის გამო, ვიღაც ჩინოვნიკის გამო, რომელიც ნათლად ჩანს, რა დანაშაული ჩაიდინა. რატომ არის დაკავებული თენგიზ კალანდია, გამცეს პასუხი პირდაპირ, ესეც არასრულწლოვანი ხომ არ არის? თუ თენგიზ კალანდია ბრალდებულია, რატომ არის მირზა სუბელიანი გარეთ, რომელიც შეხვდა ბრალდებულს და ძალიან კარგად იცის ყველაფერი,“ – განაცხადა სარალიძემ.
ხორავას ქუჩაზე მოკლილი მოზარდების საქმეზე სასამართლო პროცესები დასკვნით ფაზაშია. ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა გუშინ, რამდენიმე საათის განმავლობაში დასკვნითი სიტყვები წარმოთქვეს. დღეს დარჩენილია ბრალდებული მოზარდების რეპლიკები, რომლის შემდეგაც მოსამართლე გადაწყვეტილების მისაღაბად გავა.
ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის 1-ელ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე მოზარდი კი, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს, საავადმყოფოში დაიღუპა. განზრახ მკვლელობის მუხლით დაკავებულია 2 არასრულწლოვანი, ხოლო დანაშაულის დაფარვის მიზნით პასუხისგებაში 5 პირია მიცემული. საქმეზე სასამართლო პროცესები მიმდინარეობს.

