ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

”ექსპერტს არსად უთქვამს, რომ გამოყენებულია მაკრატელი”: მოზარდების მკვლელობის საქმე დასკვნით ფაზაშია

“მეტრონომი” სასამართლოდან

“ექსპერტს არსად უთქვამს, რომ გამოყენებულია მაკრატელი. არც დასკვნაში უწერია მსგავსი რამ, არც ინტერვიუში უთქვამს, არც სასამართლოში, დაკითხვის დროს უთქვამს მსგავსი რამ” – ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მკვლელობაში ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატმა ტარიელ კაკაბაძემ ჟურნალისტებს პროცესის დაწყებამდე განუცხადა.

ის გამოეხმაურა პროკურატურის დღევანდელ ბრიფინგს, სადაც მათ ისაუბრეს საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ნაწილი და აღნიშნა, რომ საქმეში არსებობს მაკრატელი, თუმცა ის ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ბრიგადას დარჩა და დანაშაულის იარაღი არ არის.

ადვოკატის თქმით, ბრალდების მხარეს სურს შეცდომაში შეიყვანოს საზოგადოება.

”ექსპერტმა თქვა ესეთი რამ – გამოყენებულია სხვადასხვა საგნები, რომლებიც არ არის დანა. გამოყენებულია სხვადასხვა მჭრელი, ბასრი საგნები, რომლებიც კატეგორიულად ვაცხადებ, რომ არ არის საქმეში არსებული დანებიო, ეს თქვა ექსპერტმა. ამ საგნებში შესაძლებელია რომელიმე იყოს მაკრატლის მსგავსი საგანი, ეს თქვა ექსპერტმა. თორემ, აპრიორი მაკრატელია გამოყენებულიო, არ უთქვამს. ბრალდების მხარის განმარტებები აღნიშნულთან დაკავშირებით, მიზნად ისახავს საზოგადოება შეიყვანოს შეცდომაში. დარწმუნებული ვარ, ბრალდების მხარემ ძალიან კარგად იცის, რაც თქვა ექსპერტმა, თუმცა შეგნებულად არასწორად აკეთებენ განმარტებებს. ვინაიდან მათ სურთ გაამართლონ თავიანთი არასწორად გამოძიებული სისხლის სამართლის საქმე. რაც შეეძება მასალების გამოქვეყნებას, ამის უფლება არც ბრალდების მხარეს არ აქვს და არც დაცვის მხარეს.

საქმეში იმდენი მტკიცებულებაა, სადაც ერთი და იგივე მოწმე ცვლის ჩვენებას, სასამართლოს სრულიად განსხვავებულ ინფორმაციას აწვდის, ჩვენც შეგვეძლო გამოგვექვეყნებინა აღნიშნული, გვეჩვენებინა საზოგადოებისთვის, იმიტომ რომ არ გვსურდა დაგვერღვია კანონი. წინააღმდეგ შემთხვევაში ამას საზოგადოების მხრიდან ძალიან მძიმე რეაგირება მოჰყვებოდა, თუმცა ბრალდების მხარე არ უყურებს კანონს. ბრალების მხარემ ვნახეთ, რომ გამოაქვეყნა საქმის მასალები და მტკიცებულებები.

მაშინ ისიც გამოაქვეყნოს ბრალდების მხარემ, რომ ექსპერტმა თქვა, მაკრატლით არის ჭრილობა მიყენებულიო”- განუცხადა ჟურნალისტებს ტარიელ კაკაბაძემ.

დღეს, ჯერ ბრალდების მხარე, შემდეგ კი დაცვის მხარე დასკვნითი სიტყვოთ წარდგებიან სასამართლოს წინაშე. ”მე დარწმუნებული ვარ, რომ ბრალდების მხარე ვერ შეძლებს საკუთარი პოზიციის დადასტურებას. საქმეში არ არსებობს რაიმე მტკიცებულება, რომ მან დანაშაული ჩაიდინა”- აღნიშნავს ადვოკატი.

ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 1-ელ დეკემბერს მოკლეს. განზრახ მკვლელობის ბრალდებით 2 არასრულწლოვანია დაკავებული, ხოლო 5 პირი პასუხისგებაში დანაშაულის დაფარვისთვისაა მიცემული.

 

ავტორი: ნინო ცხადაია

იტვირთბა....