ახალი ამბები მთავარი სამართალი

ზაზა სარალიძე მზადაა სოფიო კილაძეს შეხვდეს

ხორავას ქუჩაზე მოკლული ერთ-ერთი მოზარდის, დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე მზადაა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს, სოფიო კილაძეს შეხვდეს. მან ამის შესახებ ჟურნალისტებს განუცხადა.

“მზად ვარ ნებისმიერ ადამიანს შევხვდე. ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს ის მმართველი გუნდიდან იქნება, სხვა პოლიტიკური პარტიიდან თუ უბრალო საქართველოს მოქალაქე იქნება. ოღონდ, უნდა შევხვდე ჩემს უფლებადამცველებთან, ქალბატონ ნესტან ლონდარიძესთან და ზვიად კუპრავასთან ერთად”, – განაცხადა ზაზა სარალიძემ.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ის მზად არის ხორავას ქუჩაზე მოკლული ერთ-ერთი მოზარდის, დავით სარალიძის ოჯახს შეხვდეს.

გუშინ, ზაზა სარალიძემ აქცია გამართა ლოზუნგით “ნუ მომკლავ, აღასრულე სამართალი”. ასობით მოქალაქე შეიკრიბა ობიექტური გამოძიების ჩატარების მოთხოვნით. საქმის ექსპერტის, მაია ნიკოლეიშვილის ექსპერტიზის დასკვნამ საქმე თავდაყირა დააყენა, სადაც ნათქვამია, რომ მოკლულ მოზარდებს ჭრილობები მაკრატლითაც აქვთ მიყენებული, რასაც პროკურატურა უარყოფს. ზაზა სარალიძე აცხადებს, რომ პროკურატურა კონკრეტულ მაღალჩინოსნებს ხელს აფარებს.

ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 1-ელ დეკემბერს მოკლეს. განზრახ მკვლელობის ბრალდებით 2 არასრულწლოვანია დაკავებული, ხოლო 5 პირი პასუხისგებაში დანაშაულის დაფარვისთვისაა მიცემული.

 

იტვირთბა....