ახალი ამბები მთავარი სამართალი

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სარალიძეს შეხვედრას სთავაზობს

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ის მზად არის ხორავას ქუჩაზე მოკლული ერთ-ერთი მოზარდის, დავით სარალიძის ოჯახს შეხვდეს.

კილაზე იმედოვნებს, რომ დაღუპულის მამა მათ შეხვდება:

“ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ გამოძიების ობიექტური ინტერესებიდან გამომდინარე, პროკურატურა საქმეს იმგვარად წაიყვანს, რომ ოჯახს კითხვის ნიშნები არ დარჩეს. კომიტეტი მზად არის შეხვდეს ოჯახს, პირადად დაღუპულის მამას. მზად ვართ განვიხილოთ ყველა ის საკითხი, რაც მის დღის წესრიგშია და მისთვის არის მნიშვნელოვანი, მათ შორის განვიხილოთ პროკურატურასთან ერთად. იმედი მაქვს, რომ დაღუპულის მამა მიიღებს ჩვენს სურვილს შეხვედრის შესახებ“, – განაცხადა სოფიო კილაძემ.

გუშინ, ზაზა სარალიძემ აქცია გამართა ლოზუნგით “ნუ მომკლავ, აღასრულე სამართალი”. ასობით მოქალაქე შეიკრიბა ობიექტური გამოძიების ჩატარების მოთხოვნით. საქმის ექსპერტის, მაია ნიკოლეიშვილის ექსპერტიზის დასკვნამ საქმე თავდაყირა დააყენა, სადაც ნათქვამია, რომ მოკლულ მოზარდებს ჭრილობები მაკრატლითაც აქვთ მიყენებული, რასაც პროკურატურა უარყოფს. ზაზა სარალიძე აცხადებს, რომ პროკურატურა კონკრეტულ მაღალჩინოსნებს ხელს აფარებს.

ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 1-ელ დეკემბერს მოკლეს. განზრახ მკვლელობის ბრალდებით 2 არასრულწლოვანია დაკავებული, ხოლო 5 პირი პასუხისგებაში დანაშაულის დაფარვისთვისაა მიცემული.

იტვირთბა....