“მეც მამა ვარ და ვიზიარებ ზაზა სარალიძის უდიდეს ტკივილს. მეც ამ ქვეყნის მოქალაქე ვარ და ვიზირებ საზოგადოების იმ მოლოდინებს, რომ ასეთი რეზონანსული საქმე სრულყოფილად იყოს გამოძიებული”- ასე გამოეხმაურა თბილისი მერი კახა კალაძე ხორავას ქუჩაზე მოკლული ერთ-ერთი მოზარდის მამის მიერ გამართულ აქციას.
ზაზა სარალიძემ აქცია გამოძიების ობიექტურად წარმართვის მოთხოვნით გამართა.
კალაძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ აქციაზე მყოფი “ნაციონალური მოძრაობის” წევრების დამოკიდებულებით გაკვირვებულია.
“იცით რა მახსოვს? როცა პირველად ვნახე გამწარებული დედა – ირინა ენუქიძე და მის მოწოდებაზე მხოლოდ ათიოდე მოქალაქე გამოსული.
კიდევ იცით რა მახსოვს? მაშინდელი ხელისუფლების პოზიცია და ამ დანაშაულის მიმართ ცინიკური დამოკიდებულება და იმ საშინელებას რომ შეცდომას უწოდებენ დღესაც კი.
და ახლა ნაციონალური მოძრაობის წევრების განცხადებები — ესაა არა მარტო სარალიძეების და გირგვლიანების ოჯახებისადმი ცინიკური დამოკიდებულება. რამდენადაც შეძრული ვარ ამ ტრაგედიით, იმდენად გაკვირვებული ვარ ამ ამორალური პირების დამოკიდებულებით საზოგადოების მიმართ.
არასდროს დამავიწყდება არც გირგვლიანის დედის და არც სარალიძის მამის სულისშემძვრელი ამოძახილი… სამწუხაროდ ირინამ სამართალი ვერ იპოვა რეჟიმის პირობებში. . მეც თქვენთან ერთად ველოდები პროკურატურის მკვეთრ და გამჭვირვალე პოზიციას, ისე რომ არავის კითხვის ნიშნები ან უკმარისობის გრძნობა არ დარჩეს საზოგადოებაში”- აღნიშნავს მერი.
გუშინ, ზაზა სარალიძემ აქცია გამართა ლოზუნგით “ნუ მომკლავ, აღასრულე სამართალი”. ასობით მოქალაქე შეიკრიბა ობიექტური გამოძიების ჩატარების მოთხოვნით. საქმის ექსპერტის, მაია ნიკოლეიშვილის ექსპერტიზის დასკვნამ საქმე თავდაყირა დააყენა, სადაც ნათქვამია, რომ მოკლულ მოზარდებს ჭრილობები მაკრატლითაც აქვთ მიყენებული, რასაც პროკურატურა უარყოფს. ზაზა სარალიძე აცხადებს, რომ პროკურატურა კონკრეტულ მაღალჩინოსნებს ხელს აფარებს.
ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 1-ელ დეკემბერს მოკლეს. განზრახ მკვლელობის ბრალდებით 2 არასრულწლოვანია დაკავებული, ხოლო 5 პირი პასუხისგებაში დანაშაულის დაფარვისთვისაა მიცემული.

