ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ვიცი, ისეა გამწარებული, როგორც მე”: მალხაზ მაჩალიკაშვილი პანკისიდან სარალიძის მხარდასაჭერად ჩამოვიდა

7 საათზე, რუსთაველის გამზირზე ხორავას ქუჩაზე ერთ-ერთი მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამის მიერ ორგანიზებული აქცია გაიმართება. აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა სამართლის აღსრულებაა. ზაზა სარალიძე მიიჩნევს, რომ პროკურატურა დამნაშავეებს მფარველობს და მათ ხელს აფარებს.

“ნუ მომკლავ, აღასრულე სამართალი” – ამ ლოზუნგით გამართულ აქციას პანკისში, სპეცოპერაციისას გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამაც უერთდება. ის პანკისიდან სპეციალურად აქციისთვის ჩამოვიდა. მალხაზ მაჩალიკაშვილის თქმით, ზაზა სარალიძე ისეთივე გამწარებულია შვილის მკვლელობით, როგორც თავად და აქ მის მხარდასაჭერად ჩამოვიდა:

„ჩემი ჩამოსვლის ერთადერთი მიზეზი არის გვერდში ამოვუდგე სარალიძეს. ის ადამიანი ვიცი, რომ არის ისე როგორც მე ვარ გამწარებული და მინდა რომ გამოვხატო ჩემი თანადგომა. ერთადერთი მიზანი ეს არის ჩემი ჩამოსვლის,“-განაცხადა თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე დარწმუნებულია, რომ მისი შვილის მკვლელებს მფარველობენ მაღალჩინოსნები. ამის გამო მან აქცია დაანონსა. ის საზოგადოებას მოუწოდებს, რომ მის გვერდით დადგნენ და მასთან ერთად მოითხოვონ სამართლის აღსრულება.

ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის დეკემბერს დაჭრეს. ორივე მოზარდი გარდაიცვალა. საქმეზე მიმდინარეობს სასამართლო პროცესები. მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია ორი მოზარდი, ხოლო დანაშაულის დაფარვაზე პასუხისგებაში 5 პირია მიცემული.

იტვირთბა....