“უხეშად არ უნდა შეეხოთ სარწმუნოებას – ეს არ რჩება დაუსჯელი”, – ამის შესახებ პატრიარქმა სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას, “რუსთავი 2”-თან დაკავშირებით განაცხადა.
ის ქადაგებისას ეკლესიასა და ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ს შორის ურთიერთობას შეეხო და აღნიშნა, რომ ყველა ადამიანი, რომელიც აღიარებს მართლმადიდებლობას, ეკლესიის სულიერი შვილია.
“მინდა ორიოდე სიტყვით შევეხო იმ საკითხს, რომელიც იყო ამ დღეებში – ურთიერთობა ეკლესიასა და “რუსთავი 2″-ს შორის. მინდა გითხრათ, რომ უხეშად არ უნდა შეეხოთ სარწმუნოებას, ქრისტიანობას – ეს არ რჩება დაუსჯელი. ჩვენ ვილოცეთ იმისათვის, რომ ღმერთმა ყველას შეგვინდოს ჩვენი შეცოდებანი. ყველა ადამიანი, რომელიც ცხოვრობს და აღიარებს მართლმადიდებლობას, ჩვენი სულიერი შვილია და ჩვენ ვლოცულობთ თქვენთვის და იმედია, რომ ჩვენს შორის ურთიერთობა გამოსწორდება”, – განაცხადა პატრიარქმა.
ტელეწამყვანმა გიორგი გაბუნიამ გადაცემა “არჩევანში” მხატვარ ლია უკლებას ნახატზე “თვითმკვლელი ღვთისმშობელის” შესახებ გააკეთა კომენტარი:
“არჩევანში” სტუმრებთან ერთად შეამჩნევდით, რომ კიდევ ერთი უცნაური სტუმარი გყვავს, ეს არის მარიამ სათამაშო პისტოლეტით, რომელიც ცნობილია “თვითმკვლელი ღვთისმშობლის” სახელით, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ პისტოლეტი სათამაშოა, ის თავს ვერ მოიკლავს. ასე რომ ცოცხალი დარჩება და მოგვიანებით იესოსაც გააჩენს, არ ინერვიულოთ ამ თემასთან დაკავშირებით”
ამის შემდეგ, საპატრიარქოს წარმომადგენლებმა “რუსთავი 2”-ს ბოიკოტი გამოუცხადეს და მიტროპოლიტმა იობმა გიორგი გაბუნია დაწყევლა.

