ახალი ამბები მთავარი სამართალი

ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 1988 წელს დაბადებული რ.გ. ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 6-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ გამოძიების მიხედვით, 2017 წლის 29 დეკემბერს, ცივი იარაღით შეიარაღებული, ნიღბიანი რ.გ., თანამზრახველებთან ერთად, წალკის რაიონის სოფელ აიაზმაში, ყაჩაღურად თავს დაესხა 1954 წელს დაბადებული ნ.მ.-ს საცხოვრებელ სახლს. თავდამსხმელებმა ქალს სიცოცხლის მოსპობის მუქარით 40 ათასი ლარის ღირებულების ოქროს სამკაულები, 14 ათასი ლარი, 100 ათასი რუბლი, 300 ევროს ღირებულების მობილური ტელეფონი გასტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

შსს-ს ცნობით, პოლიციამ, საგამოძიებო მოქმედებების მიმდინარეობისას, ნაყაჩაღარი ნივთების ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღო.

სამართალდამცველებმა, ჩატარებული სამძებრო-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, რ.გ. ბათუმში დააკავეს. უწყებაში ამბობენ, რომ ბრალდებულის თანამზრახველების დადგენა-დაკავების მიზნით მიმდინარეობს შესაბამისი ღონისძიებები.

გამოძიება ბინაში უკანონო შეღწევით, დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით, ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.

იტვირთბა....