ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმის ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი აცხადებს, რომ ერთ-ერთი მოკლული მოზარდის ჭრილობები სავარაუდოდ, მაკრატლითაა მიყენებული და არა დანით, რომელსაც პროკურატურა ამტკიცებს. ჩანაწერი სასამართლო პროცესიდან ტელეკომპანია “რუსთავი 2”-მა მოიპოვა.
„დავით სარალიძის ქურთუკის წინა მარჯვენა ჯიბესთან არსებული ორი დაზიანება კუთხოვანი და ხაზოვანი ფორმისაა, ორმაგი. არ წარმოადგენენ ნაკვეთ, ნაჩხვლეტ დაზიანებებს და მიყენებული უნდა იყოს ერთი და იმავე საგნით, რომელსაც აქვს თავისებურებები. არ გამორიცხავს მათ მიყენებას გაშლილი, ისევ მაკრატელზე წავედით, ანუ დანები გამორიცხულია,“ – განაცხადა მაია ნიკოლეიშვილმა.
ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის 1-ელ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე მოზარდი კი, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს, საავადმყოფოში დაიღუპა. განზრახ მკვლელობის მუხლით დაკავებულია 2 არასრულწლოვანი, ხოლო დანაშაულის დაფარვის მიზნით პასუხისგებაში 5 პირია მიცემული. საქმეზე სასამართლო პროცესები მიმდინარეობს.

