დამოუკიდებელი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი, რომელმაც ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე ექსპერტიზა ჩაატარა, ამბობს, რომ აღნიშნული საქმის პროკურორები მასზე ზეწოლას ახდენენ და საქმის აღძვრით ემუქრებიან. ამის შესახებ მან დღეს გამართული პროცესის შემდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოში, ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც ნიკოლეიშვილმა აღნიშნა, პროკურორები გააღიზიანა მისი დასკვნის შინაარსმა და პროცესზე შესვენების გამოცხადებისას დარბაზში პროკურორები მის შეურაცხყოფაზე გადავიდნენ. ამის გარდა, ექეპერტი ამბობს, რომ ერთ-ერთმა პროკურორმა ადვოკატის საცემად გაიწია:
„როცა მოსამართლე გავიდა, ატყდა საოცარი ამბავი. პროკურორი პირდაპირ შეურაცხყოფაზე გადმოვიდა – შენ რომ სისულელე დაწერე, ამიტომ ატყდა ეს ამბავიო. დისკზე ჩაწერილია, ორივე პროკურორი რომ ამბობს, დიახ, ექსპერტზე საქმეს აღვძრავთო. ეს პირდაპირი მუქარაა. ჩემზე ზეწოლას ახდენს ასევე ერთ-ერთი დაზარალებულის ოჯახიც, თუმცა, ამაზე ვერაფერს ვიტყვი, ჭირისუფლის მესმის. თუმცა გეტყვით, რომ ამის შემდეგ, პროკურორმა, ქალბატონმა ინამ ადვოკატ ინგა შარაშენიძის საცემად გაიწია. პროკურატურის წარმომადგენლებისთვის კატეგორიულად მიუღებელია დასკვნა. არ ვიცი, იმას რატომ ვერ ხვდებიან, რომ მოსამართლისთვის ექსპერტის დასკვნა სავალდებულო არ არის. პროკურორი ცდილობს დასკვნის გამო მოახდინოს ზეწოლა“, – განაცხადა მაია ნიკოლეიშვილმა.
მისი თქმით, ამდენი ხნის მანძილზე პროკურორებისგან მსგავსი საქციელი არ უნახავს და ამბობს, რომ აღნიშნულ ფაქტზე რეაგირებას არ აპირებს, უბრალოდ სურს, რომ საზოგადოებამ იცოდეს აღნიშნულის შესახებ.
დღეს, მაია ნიკოლეიშვილსა და ხორავას ქუჩაზე ერთ-ერთი მოკლული მოზარდის, ნათია საყვარელიძეს შორის დაპირისპირებაც მოხდა, რის გამოც სასამართლოში საყვარელიძესთან სასწრაფოც გამოიძახეს, რადგან შეუძლოდ გახდა.
სიტყვიერი დაპირისპირება სასამართლო დარბაზშივე დაიწყო, როდესაც მოკლული მოზარდის დედამ ნიკოლეიშვილის მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნის გამო უკმაყოფილება გამოთქვა.
ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის 1-ელ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე მოზარდი კი, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს, საავადმყოფოში დაიღუპა. განზრახ მკვლელობის მუხლით დაკავებულია 2 არასრულწლოვანი, ხოლო დანაშაულის დაფარვის მიზნით პასუხისგებაში 5 პირია მიცემული. საქმეზე სასამართლო პროცესები მიმდინარეობს.