ზუგდიდის მერი ლაშა გოგია სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და წერს, რომ მისთვის გიორგი გაბუნიას გადაცემაში გასული განცხადება შეურაცხმყოფელი იყო.
“ვინაიდან ჩემს სტატუსს მოყვა დიდი აჟიოტაჟი, მინდა საჯაროდ და გარკვევით ვუთხრა ყველას:
პირადად ჩემთვის შეურაცხყოფელი იყო ის, რაც ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ეთერში ვიხილე გიორგი გაბუნიას გადაცემაში. თუმცა ეს ჩემი, როგორც ერთი მოქალაქის პოზიციაა, რომელიც ჩემს პირად გვერდზე გავაზიარე. ვწუხვარ, თუ ეს ჩემი პირადი, ემოციური პოსტი აღქმული იქნა გამოხატვის წინააღმდეგ მიმართულ ნაბიჯად. (სწორედ ამიტომ წავშალე ეს სტატუსი ჩემი პირადი ფბ გვერდიდან)
ჩვენს ქვეყანაში სიტყვისა და აზრის გამოხატვის უფლება თავისუფალია და მეც, როგორც მოქალაქეს მაქვს ამის უფლება. ვიმეორებ ეს არის ჩემი, ლაშა გოგიას პოზიცია და არ გამოხატავს გუნდის პოზიციას”, – წერს მერი.
ტელეწამყვანმა გიორგი გაბუნიამ გადაცემა “არჩევანში” მხატვარ ლია უკლებას ნახატზე “თვითმკვლელი ღვთისმშობელის” შესახებ გააკეთა კომენტარი.
“არჩევანში” სტუმრებთან ერთად შეამჩნევდით, რომ კიდევ ერთი უცნაური სტუმარი გყვავს, ეს არის მარიამ სათამაშო პისტოლეტით, რომელიც ცნობილია “თვითმკვლელი ღვთისმშობლის” სახელით, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ პისტოლეტი სათამაშოა, ის თავს ვერ მოიკლავს. ასე რომ ცოცხალი დარჩება და მოგვიანებით იესოსაც გააჩენს, არ ინერვიულოთ ამ თემასთან დაკავშირებით.