“მეტრონომთან” საუბრისას “ქართული მარშის” ლიდერი აცხადებს, რომ დროა ტელეკომპანია “რუსთავი 2-ში” ცვლილებები მოხდეს.
ბრეგაძის განცხადებით, პოლიტიკოსები, რომლებიც ტელევიზიას ბოიკოტს არ გამოუცხადებენ, საპატრიარქოს წინააღმდეგ წავლენ.
“რუსთავი 2-მა” გიორგი გაბუნიას ქმედებებზე დასკვნები უნდა გააკეთოს. აქცია რომ გვქონდა “რუსთავი 2-თან” და 7 ადამიანი უმიზეზოდ დააკავეს, მაშინ ტელეკომპანიამ და პირადად გვარამიამ ბოდიში მოიხადა. დღეს იგივე ტიპის ქმედებაზე ტელეკომპანიის გენერალური დირექტორი ბოდიშს არ იხდის. ისმის კითხვა თუ რას უკავშირდებოდა პირველი ბოდიში – ეს იყო “ქართული მარშის” შიში თუ ეს მისი გულწრფელი ბოდიში იყო. დღეს ირკვევა, რომ გვარამიას ქმედება შიშმა გამოიწვია. აქედან გმაომდინარე, მე და არაერთი პოლიტიკოსი უარს ვეტყვით “რუსთავი 2-ის” წარმომადგენლებს ძალიან მშვიდობიანად.
ჩვენ ჟურნალისტებს არაფერს ვერჩით, მაგრამ თავად ჟურნალისტებმა უნდა მიუთითონ თავიანთ ერთ-ერთ წამყვანს, რომ არ მოახდინოს რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა. გამიჭირდება წარმოვიდგინო, რომ მან ღია შეურაცხყოფა მიაყენოს მუსულმანებს ან სხვა რელიგიის წარმომადგენლებს. რა თქმა უნდა, ისევე დავდგები მუსულმანების, ებრაელებისა და ა.შ. გვერდით თუ მათი შეურაცხყოფა მოხდება, როგორც მართმადიდებლის გვერდით ვდგავართ. გაბუნიამ იცის, რომ მართმადიდებლური რელიგია ყველაზე ტოლერანტულია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მართმადიდებლობა უნდა დაიჩაგროს. ვფიქრობ, “რუსთავი 2-ში” ცვლილებები უნდა მოხდეს და ეს კოლექტივმა უნდა გადაწყვიტოს. ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც ამ ტელეკომპანიასთან ითანამშრომლებენ ეკლესიის წინააღმდეგ წავლენ. სანამ გვარამია და გაბუნია “რუსთავი 2-ში” იქნებიან, ჩვენ არხს ბოიკოტს ვუცხადებთ”, – აცხადებს ბრეგაძე.
ტელეწამყვანმა გიორგი გაბუნიამ გადაცემა “არჩევანში” მხატვარ ლია უკლებას ნახატზე “თვითმკვლელი ღვთისმშობელის” შესახებ გააკეთა კომენტარი.
“არჩევანში” სტუმრებთან ერთად შეამჩნევდით, რომ კიდევ ერთი უცნაური სტუმარი გყვავს, ეს არის მარიამ სათამაშო პისტოლეტით, რომელიც ცნობილია “თვითმკვლელი ღვთისმშობლის” სახელით, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ პისტოლეტი სათამაშოა, ის თავს ვერ მოიკლავს. ასე რომ ცოცხალი დარჩება და მოგვიანებით იესოსაც გააჩენს, არ ინერვიულოთ ამ თემასთან დაკავშირებით.