ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კვირიკაშვილი: “რუსეთის აგრესიულ ქმედებებსა და ოკუპაციაზე ჩვენი პასუხი არის სამართლებრივი და პოლიტიკური”

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ რუსეთთან მეორე სახელმწიფოთაშორისი დავის მოსაგებად, საქართველომ წარადგინა უტყუარი მტკიცებულებები, რისთვისაც იუსტიციის სამინისტრომ ძალიან დიდი სამუშაო გასწია.

გიორგი კვირიკაშვილმა გაწეული სამუშაოსთვის იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს მადლობა გადაუხადა.

„არ შემიძლია არ გამოვეხმაურო სტრასბურგის სასამართლოში მიმდინარე საქმეს – „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ , რომელიც ეხება 2008 წლის აგვისტოსა და მის შემდგომ პერიოდში საქართველოს მოქალაქეებსა და ჩვენს ქვეყანასთან მიმართებით ჩადენილ მასობრივ დარღვევებსა და დანაშაულებებს.

23 მაისს სტრასბურგში, სამართლებრივი დავა გაიმართა საქართველოსა და რუსეთს შორის და შემიძლია, თამამად ვთქვა, რომ ამ ბრძოლაში საქართველოს მხარეს ნამდვილად იყო მტკიცებულებებით გამყარებული სიმართლე. საქართველო არის ევროპული ინსტიტუციური დემოკრატიის ქვეყანა და სწორედ ამიტომ 2008 წლის რუსეთის აგრესიულ ქმედებებზე, დანაშაულებებსა და ოკუპაციაზე ჩვენი პასუხი არის სამართლებრივი და პოლიტიკური.

რუსეთთან მეორე სახელმწიფოთაშორისი დავის მოსაგებად, საქართველომ წარადგინა უტყუარი მტკიცებულებები, რისთვისაც იუსტიციის სამინისტრომ ძალიან დიდი სამუშაო გასწია, რისთვისაც მინდა, პირადად თეა წულუკიანს გადავუხადო ძალიან დიდი მადლობა“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ის საქმის კურსში იყო აბსოლუტურად ყველა ეტაპზე განხორციელებული სამუშაოების შესახებ.

„დეტალებში ვიყავი ჩახედული და ეს იყო ტიტანური შრომა – მტკიცებულებების შეგროვება, მოპოვება, მათი სამართლებრივი ტრანსფორმაცია და წარდგენა სტრასბურგში, რაც უკიდურესად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის პოზიციების წარმოსაჩენად.

ასეულობით დოკუმენტი და მტკიცებულება იქნა შესწავლილი, რის შედეგადაც სტრასბურგის სასამართლოს საქართველოს მხრიდან წარედგინა 700-მდე მტკიცებულება – ვიდეო და ფოტო მასალები, რადარების მონაცემები, ექსპერტების დასკვნები, სამეთვალყურეო კამერების ჩანაწერები, სეისმური სადგურის მიერ აფეთქებების დამადასტურებელი ჩანაწერები, მოწმეთა ჩვენებები, სატელიტური სურათები, მედიის მასალები, საერთაშორისო ორგანიზაციების აღიარებები, სატელეფონო მიყურადების ჩანაწერები, განაღმვის ანგარიშები და ა.შ.

საგულისხმოა, რომ ეს საქმე, რომელსაც სტრასბურგის სასამართლოს დიდი პალატა განიხილავს და 17 ქვეყნის მოსამართლეებით არის დაკომპლექტებული, თავად მისთვისაც არის პრეცედენტული.

მწამს, რომ ეს გადაწყვეტილება იქნება ის, რაც 2008 წლის რუსული აგრესიის შედეგად დაზარალებულებს მართლმსაჯულების რწმენას დაუბრუნებს და მომავალში ჩვენი ქვეყნის დეოკუპაციის ძალიან მყარ სამართლებრივ საფუძველს შექმნის“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა

იტვირთბა....