ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

ხუხაშვილი: “სააკაშვილისთვის რელიგია მნიშვნელოვანი არაა, მას უნდოდა მოსახლეობისთვის ესიამოვნებინა”

სააკაშვილი არის პოპულისტი, – ასე შეაფასა “მეტრონომთან” საუბრისას პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა საქართველოს ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადება ტელეწამყვან გიორგი გაბუნიას ნათქვამთან დაკავშირებით.

“მიხეილ სააკაშვილი არის პოპულისტი. მას ესმის, რომ საქართველოს მოსახლეობის უდიდეს ნაწილს გაბუნიას საქციელი არ მოეწონა. პირადად მეც არ მომეწონა. ეს არის პროვოკაციული საქციელი. მე მორალის კითხვას არავის დავუწყებ, მაგრამ ეს მინიმუმ პროვოკაციაა, რაც სასრგებლო არავისთვის არაა. სააკაშვილი ამ განცხადებით, შეეცადა, რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობისთვის ესიამოვნებინა. სინამდვილეში მისთვის რელიგია მისთვის მნიშვნელოვანი არაა. არ მგონია, რომ გაბუნიას ნათქვამი წინასწარ ყოფილიყო დაგეგმილი”, – აცხადებს ხუხაშვილი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში ტელეწამყვან გიორგი გაბუნიას ნათქვამს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

“გიორგი გაბუნია არის ძალიან კარგი ჟურნალისტი, მაგრამ ამ ბოლო დღეებში, მისი გამოსვლა, სხვა არაფერი იყო, თუ არა დიდი შეცდომა და ჩავარდნა.

ყველას უნდა ესმოდეს, რომ ზღვარგადასული არ ვარგა არაფერი. ღვთისმშობლის აგდებულად მოხსენება შეურაცხყოფს ყველა მორწმუნე ქრისტიანის გრძნობებს, ისევე როგორც საკუთარი დედის აუგად მოხსენიება. პირადად ჩემთვის, ეს იყო ძალიან უსიამოვნო სანახავი.

ვთხოვ ყველას, გავუფრთხილდეთ ერთმანეთის გრძნობებს და თავი შევიკავოთ უაზრო წყენის მიყენებისგან და როდესაც ასეთი რამ ხდება, ჩვენ გვაქვს უფლება მოვითხოვოთ საჯარო ბოდიში! ამავე დროს, მიუღებელია ამ თემის, ერთი ჟურნალისტიდან, მთლიანად “რუსთავი 2-ზე” განვრცობა და მთელს ტელევიზიაზე აგრესიის გადატანა, რაც პირდაპირ შედის ქართველი ხალხისა და საქართველოს ეკლესიის მტრის, ბიძინა ივანიშვილის, ინტერესებში!”, – წერს სააკაშვილი.

ტელეწამყვანმა გიორგი გაბუნიამ გადაცემა “არჩევანში” მხატვარ ლია უკლებას ნახატზე “თვითმკვლელი ღვთისმშობელის” შესახებ გააკეთა კომენტარი.

“არჩევანში” სტუმრებთან ერთად შეამჩნევდით, რომ კიდევ ერთი უცნაური სტუმარი გყვავს, ეს არის მარიამ სათამაშო პისტოლეტით, რომელიც ცნობილია “თვითმკვლელი ღვთისმშობლის” სახელით, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ პისტოლეტი სათამაშოა, ის თავს ვერ მოიკლავს. ასე რომ ცოცხალი დარჩება და მოგვიანებით იესოსაც გააჩენს, არ ინერვიულოთ ამ თემასთან დაკავშირებით.

იტვირთბა....