ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

ხუხაშვილი: “საპატრიარქო წითელ ხაზებს კვეთს, მისი განცხადება უკვე პოლიტიკაა”

ექსპერტმა გია ხუხაშვილმა “მეტრონომთან” საუბარში საპატრიარქოს განცხადება შეაფასა და განაცხადა, რომ ასეთი რადიკალლური ზომების მიღება არ არის სწორი.

“საპატრიარქოს განცხადება ეს არ იყო აკრძალვა, უფრო რეკომენდაციის ხასიათს ატარებდა. თუმცა, შეიძლება ეს ვიღაცამ აკრძალვადაც გაიგოს. მე არ მგონია სწორი იყოს ასეთი რადიკალური ზომები. თუნდაც ასეთი უგვანო საქციელი იყოს რადიკალური ზომების მიზეზი.

ამ განცხადების ნაწილი არ არის მთავარი, აქ არის მიმართვა ხელისუფლებისადმი, ფაქტობრივად მუქარა, რომ შეიძლება ეს ყოველივე უმართავ პროცესებში გადაიზარდოს. მე ეს საპატრიარქოს მხრიდან წითელი ხაზების გადაკვეთას მაგონებს. იმიტომ, რომ ასეთი განცხადებების გაკეთება უკვე პოლიტიკაა. საპატრიარქომ საერო ხელისუფლებისკენ გადადგა ნაბიჯი, რაც სასურველი არაა. საპატრიარქოს თუ ასეთი ინფორმაცია აქვს, ჯობს ხელისუფლებას კულისებში ელაპარაკებოდეს”, – განაცხადა ხუხაშვილმა.

სასულიერო პირის გამოხმაურება, გადაცემა „არჩევანის“ ბოლო გადაცემას მოჰყვა. ტელეწამყვანმა გიორგი გაბუნიამ გადაცემა “არჩევანში” მხატვარ ლია უკლებას ნახატზე “თვითმკვლელი ღვთისმშობელის” შესახებ გააკეთა კომენტარი.

“არჩევანში” სტუმრებთან ერთად შეამჩნევდით, რომ კიდევ ერთი უცნაური სტუმარი გვყავს, ეს არის მარიამი სათამაშო პისტოლეტით, რომელიც ცნობილია “თვითმკვლელი ღვთისმშობლის” სახელით, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ პისტოლეტი სათამაშოა, ის თავს ვერ მოიკლავს. ასე რომ ცოცხალი დარჩება და მოგვიანებით იესოსაც გააჩენს, არ ინერვიულოთ ამ თემასთან დაკავშირებით“, – განაცხადა გიორგი გაბუნიამ

ამის შემდეგ მეუფე იობმა გიორგი გაბუნია დაწყევლა, ხოლო საპატრიარქომ განცხადება გაავრცელა: “პირველ რიგში, მოვუწოდებთ ჩვენს სამღვდელოებას, შეწყვიტონ ყოველგვარი ურთიერთობა რუსთავი 2-თან, არ მისცენ ინტერვიუ და არ მიიღონ მათ არცერთ გადაცემაში მონაწილეობა. სასურველია, იგივე გაითვალისწინონ მათ, ვისთვისაც ღირებულია ჩვენი ეკლესია და ჩვენი ფასეულობები”.

იტვირთბა....