ტელეწამყვანი და საქართველოს ყოფილი ელჩი ჩინეთში მამუკა გამყრელიძე გიორგი გაბუნიას გადაცემა “არჩევანს” ეხმაურება სოციალური ქსელით ეხმაურება, რომლის ეთერში გასვლის შემდეგ, საზოგადოებაში პროტესტის ახალი ტალღა გაჩნდა, საპატრიარქომ კი განცხადება გაავრცელა და სასულიერო პირებს “რუსთავი 2”-ისგან თავის შორს დაჭერა ურჩია.
”მგონია, რომ საქმე გვაქვს ორმხრივ პროვოკაციასთან. მინდა ჩემი აზრიც გამოვთქვა.
მივყვეთ მარტივ ლოგიკას. ჩვენ ევროპის და დასავლური ცივილიზაციის ნაწილად მოვისაზრებთ თავს და ამიტომ ლიბერალურ ფასეულობებს ვირჩევთ, მაგრამ გვავიწყდება, რომ დასავლური ცივილიზაცია ეფუძნება რომაულ სამართალს, ბერძნულ ფილოსოფიასა და ქრისტიანულ მორალს! ქრისტიანულ მორალს ხალხო! მისთვის დამახასიათებელ მოკრძალებას, თავშეკავებას და ზომიერებას!
მე პატივს ვცემ ადამიანის იმ ფუნდამენტურ უფლებას, რომელსაც სიტყვის თავისუფლება ჰქვია, მაგრამ არსებობს კიდევ სხვა უფლებებიც. თუ ჩვენ დემოკრატიულ სახელმწიფოს ვაშენებთ მისი ფუნდამენტი არა მარტო უმცირესობის აზრის გათვალისწინება, არამედ უპირველეს ყოვლისა უმრავლესობის აზრის გადამწყვეტი მნიშვნელობაა.
ჩვენი ქვეყნის უდიდესი უმრავლესობა მართლმადიდებელი ქრისტიანია და გარკვეული ეკლესიურობითაც გამოირჩევა. მოსწონთ ეს თუ არა მავანთ, რომლებიც თავს ლიბერალებად თვლიან, მაგრამ სინამდვილეში ნეოლიბერალიზმის მიერ დამახინჯებულ ფსევდოჰუმანისტურ შეხედულებებს ახვევენ თავს მოსახლეობას, მათ მოუწევთ მოსახლეობის უმრავლესობის აზრის გათვალისწინება!
ყველამ კარგად იცის ჩემი დამოკიდებულება უმცირესობების მიმართ, მაგრამ ახლა არც ერის გახლეჩის და არც რყევების დრო არ არის. ქრისტიანული ზომიერება და თავშეკავება გვმართებს ყველას!
P.S. გიორგი გაბუნიას ჩემს მეგობრად ვთვლი, ძალიან მიყვარს და პატივს ვცემ, მაგრამ ამ შემთხვევაში ვალდებული ვარ შევახსენო, რომ მას ახლა მიკროსკოპით აკვირდებიან. უმაღლესი დონის პროფესიონალია და მიხვდება, რომ არა პრინციპების უარყოფას, არამედ კრიტიკულ მომენტში მეტ ზომიერებას ვთხოვ”, – წერს მამუკა გამყრელიძე.