მამა პეტრე კოლხი ტელეწამყვან გიორგი გაბუნიას სოციალურ ქსელში ღია წერილით მიმართავს.
“ღია წერილი გიორგი გაბუნიას
გიორგი, სალამი!
არ გეკითხები, როგორ ხარ!.. ისედაც იგრძნობა, რომ რაღაც ძალიან გაწუხებს, გტკივა, განიცდი… ამ ყველაფრის მოსაგერიებლად კი არასწორი მეთოდებით იბრძვი…
ახლოს რომ იყო, მეტს გეტყოდი, მეტს ვისაუბრებდი შენთან, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული იმაში, რომ მომისმენდი, ან საერთოდ გექნებოდა თუ არა შეხვედრის სურვილი, რადგან შენი აზრით მე ხომ, ბნელი” ვარ, ბნელ მხარეს ვდგავარ და შენთვის მხოლოდ დასაცინია ეს ,,სიბნელე”…
ამ დროს, გიორგი, სიბნელე იცი რა არის?! შენი კომპლექსების და პატარა ადამიანის სინდრომის დასაფარად სრულიად ერს, ეკლესიას, ღვთისმშობელს და ქრისტეს რომ დასცინი?! კიდევ იცი რა არის სიბნელე?! შენთვის არავინ არის ავტორიტეტი საკუთარი თავის გარდა…
შენ იწვევ საზოგადოებას, მერე ამბობ, აგრესიით მართლმადიდებლობას იცავენო…
აბა მე მკითხე, მინდა იმ ადამიანების მიერ დაცული მართლმადიდებლობა, ვინც ქუჩებში ხელკეტებით დარბის?!
ასეთი ,,მორწმუნეების” მომრავლებაც შენი არასწორი გამოხტომების ბრალია, გიორგი…
რა ვქნათ იმათ, ვისაც არც გიორგი გაბუნიას ,,თავისუფლება” არ ესმის, მაგრამ გმობს აგრესორი ე.წ. ქრისტიანების ,,მარშსაც”?!
იქ, სადაც ერთი იქნება, მეორე აუცილებლად გაჩნდება…
ან რა ცუდად გცოდნია დემოკრატიის, ადამიანის უფლებების და თავისუფლების ცნების განმარტება…
შენი ლოგიკით მაქსიმალური სიზუსტით იყენებ ,,სიტყვის თავისუფლებას”… მაგრამ იგივე შენი ლოგიკით, მეორე მხარემ უნდა დაიცვას საკუთარი უფლებები და მრწამსის დაცვის მიზნით გადაგიაროს?! არც ერთ მხარეს არის სიმართლე და არც მეორე მხარეს…
შენი ქმედებები არც ეპატაჟურობაა, არც განსხვავებულობა, აღარც განსაკუთრებულობა… ეს მხოლოდ დემაგოგია, უკომპლექსობის კომპლექსი, შინაგანი წარუმატებლობა და ძალიან მარტივად, კაცობრიობის სიძულვილია… არადა, შენ მიერ ,,ნაქადაგები უფლებები” წესით ჰუმანიზმზე უნდა იდგეს…
შენთვის არავის უთხოვია, მუხლებდაცვეთილი ფორთხავდე ეკლესიის იატაკზე, მაგრამ მეგობრულად გთხოვ, ისე ნუ მოიქცევი, ყველასგან გაირიყო… ოღონდ, გახსოვდეს, ალუდა ქეთელაური ნამდვილად არ იქნები…
შენ ეტყობა საკუთარი დედაც არ გიყვარს, გიორგი… ჩვენ გვიყვარს ქალბატონი ჯულიეტა, ჩვენ გვიყვარს სამყაროს დედა, ღვთისმშობელი და ნუ აყენებ ზეციურ დედოფალს შეურაცხყოფას, ასეთი მოჭარბებული აგრესიისგან დაიცავი დედაშენიც…
გიორგი, შემზარავია იმის ყურება, ცხოვრობდე იმ ქვეყანაში, სადაც მოსახლეობის თითქმის მთელ ნაწილს არა მხოლოდ არ უყვარხარ, სიძულვილს ასწავლი… გასაკუთრებით არ უყვარხარ მათ, ვინც კადრს მიღმა ტაშს გიკრავს, რა მაგარი ხარო…
ნუთუ ასე გაუჭირდა შენს ტელევიზიას, რომ ღვთისმშობლის შეურაცხყოფა გახდა აუცილებელი, რეიტინგი ,,დაგედო”?!
დასაწყისში არ გკითხე, მაგრამ ახლა მომინდა მეკითხა, კარგად ხარ?!
ამ დროს, მინდა ძალიან კარგად იყო, გიორგი!”, – წერს მამა პეტრე.
ტელეწამყვანმა გიორგი გაბუნიამ გადაცემა “არჩევანში” მხატვარ ლია უკლებას ნახატზე “თვითმკვლელი ღვთისმშობელის” შესახებ გააკეთა კომენტარი.
“არჩევანში” სტუმრებთან ერთად შეამჩნევდით, რომ კიდევ ერთი უცნაური სტუმარი გყვავს, ეს არის მარიამ სათამაშო პისტოლეტით, რომელიც ცნობილია “თვითმკვლელი ღვთისმშობლის” სახელით, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ პისტოლეტი სათამაშოა, ის თავს ვერ მოიკლავს. ასე რომ ცოცხალი დარჩება და მოგვიანებით იესოსაც გააჩენს, არ ინერვიულოთ ამ თემასთან დაკავშირებით.
ამის შემდეგ მეუფე იობმა გიორგი გაბუნია დაწყევლა, ხოლო საპატრიარქომ ეკლესიის წარმოამდგენლებს მოუწოდა, რომ შეწყვიტონ “რუსთავი 2”-თან თანამშრომლობა.