ახალი ამბები მთავარი სამართალი

სარალიძე: ამ ტრაგედიას შეიძლება იმ არასრულწლოვნების ომი მოჰყვეს, რომელიც ჩემსა და ჩემი შვილის უკან დგანან

“რა ფაქტზეც არის დაკავებული თენგიზ კალანდია, იგივე ბრალი მიუძღვის მირზა სუბელიანსაც. რომელზეც პროკურატურა რეაგირებას არ ახდენს. ყველანაირად ცდილობს გამორიცხოს მისი ბრალეულობა იმ  ფაქტთან დაკავშირებით, როცა ბავშვები გადამალეს დანაშაულის დაფარვის მიზნით”- ამის შესახებ ტელეკომპანია “პირველის” ეთერში ხორავას ქუჩაზე, ერთ-ერთი მოკლული მოზარდის, დათო სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ განაცხადა.

მან ისაუბრა ასევე მთავარ პროკურორ, ირაკლი შოთაძესთან შეხვედრაზეც. მისი თქმით, მზად არის, რომ ზაზა სარალიძეს შეხვდეს და ყველა კითხვაზე გასცეს პასუხი. როგორც მოკლული მოზარდის მამამ აღნიშნა, ამ შემოთავაზებას იღებს და ძალიან დიდი იმედი აქვს, რომ შეხვედრის შემდეგ მთავარი პროკურორი თავის პოზიციას შეცვლის და იმ პირთა ბრალეულობაში დარწმუნდება, რომლებიც ამ საქმეში ფიგურირებენ, მაგრამ დაკავებულები არ არიან.

“ნებისმიერ ადამიანს გავესაუბრები ამ თემასთან დაკავშირებით, რათა ჩემი მოსაზრება გავუზიარო. ყველა იმ ადამიანს შევხვდები, ვინც დამეხმარება ჭეშმარიტების დადგენაში. მიუხედავად იმისა, რომ ბატონი შოთაძე პროკურატურის მხარეს იჭერს და მყარი პოზიცია აქვს, რომ ამ საქმეში მხოლოდ ორი ბრალდებულია. ის ცდება, რაც ძალიან სამწუხაროა. ყველა დეტალიდან გამომდინარე დგინდება, რომ კიდევ ორი პირი მონაწილეობს ჩემი შვილის დაჭრაში. იქ არიან გარკვეული პირები, რომლებმაც რაღაც დანაშაული ჩაიდინეს, რაღაც დოზით. ამას ერთვის ბატონი მირზა სუბელიანის მოქმედება, გიორგი თურქიას ჩარევა ამ საქმესთან, პროკურატურა ცდილობს ხელი დააფაროს მათ.

ძალიან დიდი იმედი მაქვს ამ შეხვედრის. პროკურორმა უნდა შეცვალოს გარემოება და გამოავლინოს დანარჩენი ის პირებიც, რომლებმაც ჩაიდინეს ეს სასტიკი მკვლელობა”- განაცხადა სარალიძემ.

მისი თქმით, ეს ყველას ტრაგედიაა, რასაც შეიძლება არასრულწლოვნების ომი მოჰყვეს:

“გაჩერებას არ ვაპირებ, მაქსიმალურად ვიბრძოლებ. სიცოცხლის ბოლომდე ვიბრძოლებ, თუ უნდათ, მომკლან, მაგრამ ვიღაც მაინც გამოჩნდება, რომელიც ამ საქმეს ბოლომდე მიიყვანს. ეს არის აბსოლუტურად ყველას ტრაგედია, რასაც შეიძლება მოჰყვეს იმ არასრულწლოვნების ომი, რომელიც ჩემსა და ჩემი შვილის უკან დგანან”- აღნიშნა სარალიძემ.

ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის დეკემბერში დაჭრეს. ორივე მოზარდი გარდაიცვალა. საქმეზე მიმდინარეობს სასამართლო პროცესები. მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია ორი მოზარდი, ხოლო დანაშაულის დაფარვის ბრალდებულია 5 ადამიანი.

 

იტვირთბა....