ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში ხორავაზე ქუჩაზე მომხდარ მკვლელობის საქმეს ეხმაურება:
“აი, ის ხალხი, ვისთვისაც გირგვლიანის საქმე, პოლიტიკაში მოსვლის გზა იყო, დღეს, რატომ არიან ჩუმად?! იმიტომ რომ თბილ სავარძლებში სხედან?! ყველა მტკიცებულება არსებობს, რომ მაღალჩინოსანი მტკიცებულებებს აქრობს, საქმეს სპობს, მხოლოდ იმიტომ რომ მისი შვილი ფიგურირებს საქმეში. მე უბრალოდ ვეკითხები დღევანდელ ხელისუფლებას და მაშინდელ ოპოზიციას, ნუთუ გირგვლიანი თქვენთვის მხოლოდ პოლიტიკური ქეისი იყო? კარგად საყვირალი თემა? ნუთუ, ირინა ენუქიძეს გულწრფელად არ გულშემატკივრობდით?! და თუ კი, მაშინ ზაზა სარალიძეს რატომ არ ეხმარებით საქმის გამოძიება ობიექტურად წარიმართოს?! რითი ვერ მოიგო თქვენი გული? ვაკე არაა აღშფოთებული და გოიმური ქეისია?! თეა წულუკიანისთვის სინდისის საქმე მხოლოდ 2012 წლამდე ჩადენილი დანაშაული იყო?! ანუ, მისი სინდისიც პოლიტიკურ სარგებელზე გადის?! ნუ, სადაც კრიმინალებზე, იქაც ორმაგ სტანდარტზე ალბათ”, – წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.
შეგახსენებთ, გასული წლის 1 დეკემბერს თბილისის ცენტრში, ვერაზე ორი არასრულწლოვანი დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მეორე მოზარდი მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში მოთავსებიდან, მეორე დღეს, 2 დეკემბერს დაიღუპა.