ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მიხეილ რამიშვილის თქმით, პეტიცია დეკანოზ მამალაძის საქმეზე სამართლის აღსრულების მიზნით შეიქმნება

ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებულის, დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის განცხადებით, უახლოეს მომავალში აპირებს პეტიციის სახე მისცეს საზოგადოების პოზიციას, რომ აღსრულდეს სამართალი დეკანოზ მამალაძესთან მიმართებაში და უდანაშაულო ადამიანის მიმართ სასამართლომ სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღოს. ამის შესახებ რამიშვილმა “მეტრონომს” განუცხადა.

მისი თქმით, ეს არის საზოგადოების პოზიცია და აუცილებლად განახორციელებს:

“საზოგადოებამ გამოხატა თავისი პოზიცია. მათ უნდათ მამა გიორგისთან მიმართებაში თავისი პოზიცია დააფიქსირონ ამ უსამართლობასთან დაკავშირებით. მიაჩნიათ, რომ ერთხელ და სამუდამოდ წერტილი უნდა დაესვას უკანონობას, გარკვეული პირების ხუშტურებზე ცხოვრებას და ადამიანის ესე გაწირვას. ალბათ ჩვენგან დაიწყება მათი პოზიციების პეტიციისმაგავარი საკითხით გადაწყვეტა. მერე ალბათ, გონიერება ეყოფა ხელისუფლებას და სასამართლოს, რომ მიიღონ სამართლიანი გადაწყვეტილება, რადგან უზენაეს სასამართლოში არის დღეს ჩვენი საქმე. ეს არის საზოგადოების პოზიცია და ჩვენ ამას აუცილებლად განვახორციელებთ.

ეს პოზიცია არ არის ერთეულების,  რამდენიმე ათასეულია. არ არის ჩემი მოგონილი, ჩემს გარემოცვაში ძალიან ნათელი და რეალური პოზიციაა ჩამოყალიბებული და არ არის ზღაპარი ეს ყველაფერი” – აღნიშნა “მეტრონომთან” მიხეილ რამიშვილმა.

დეკანოზ გიორგი მამალაძეს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის აქვს მისჯილი. სააპელაციო სასამართლომაც ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლოს განაჩენი, ახლა კი საქმე უზენაეს სასამართლოში უნდა განიხილოს.

იტვირთბა....