ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი პენიტენციური დაწესებულებიდან გამოვიდა, სადაც ის მისი დაცვის ქვეშ მყოფს ხვდებოდა.
როგორც “მეტრონომს” მიხეილ რამიშვილმა განუცხადა, მამალაძესთან, წინა კვირაში 2 სასულიერო პირი იმყოფებოდა. ესენი იყვნენ, მეუფე საბა და მეუფე ნიკოლოზი. რამიშვილის თქმით, სასულიერო პირებმა, რომლებმაც დეკანოზი მოინახულეს, იციან, რომ ის უდანაშაულოა:
“ეს არის მეუფე საბა, ამერიკის ეპარქიიდან და მეუფე ნიკოლოზი. მათ ინახულეს მამა გიორგი. წინა კვირაში იყო ეს შეხვედრა. ილაპარაკეს რაღაც საკითზებზე. მათაც გააჩნიათ თავიანთი პოზიცია, მე დარწმუნებული ვარ, რომ იქიდან გამომდინარე, როგორი საუბარიც სუფევდა მათ შორის, მათაც იციან, რომ მამა გიორგი უდანაშაულოა და გაურკვევლობას აქვს ადგილი. ამ თემებზე ჰქონდათ ლაპარაკი”- აღნიშნა “მეტრონომთან” მიხეილ რამიშვილმა.
მისი თქმით, საუბრის დეტალებზე უპრიანია, თავად სასულიერო პირებმა ილაპარაკონ.
შეგახსნებთ, ადვოკატმა დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დეკანოზ მამალაძესთან სასულიერო პირები იმყოფებოდნენ. ის საპყრობილეში მამალაძესთან დეტალების გასარკვევად შევიდა, რის შემდეგაც დაასახელა იმ სასულიერო პირების ვინაობა, რომლებმაც მსჯავრდებული მოინახულეს.
დეკანოზ გიორგი მამალაძეს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის აქვს მისჯილი.