რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გრიგორი კარასინმა ზურაბ აბაშიძესთან შეხვედრის დაწყებამდე არჩილ ტატუნაშვილის შესახებ განაცხადა, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს, ასეთი სამწუხარო ფაქტები მომავალში არ განმეორდეს.
“რაც შეეხება არჩილ ტატუნაშვილის საკითხს, ერთის თქმა შემიძლია, რა თქმა უნდა, ეს ტრაგედიაა, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს არ განმეორდეს. თუმცა, ეს თემა განიხილება ჟენევის დისკუსიების ფორმატში, ინციდენტებზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში, რომელშიც მონაწილეობს საქართველოც, სამხრეთ ოსეთიც და საერთაშორისო ორგანიზაციებიც. ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ გამოძიება დასრულდეს და ყველა კითხვა მოიხსნას“, – აღნიშნა გრიგორი კარასინმა, რომელმაც თავი აარიდა ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვას, გრძნობს თუ არა რუსული მხარე პასუხისმგებლობას არჩილ ტატუნაშვილის ფაქტთან დაკავშირებით.
„ინტერვიუ გვაქვს, თუ გამოძიება. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ეს ნამდვილად ტრაგედიაა. ჩვენ არ გვსურს, ასეთი სამწუხარო ფაქტები მომავალში განმეორდეს.“, – განაცხადა კარასინმა.
შეგახსენებთ, არჩილ ტატუნაშვილი რუსულმა მხარემ ცხინვალში გაიტაცა და ერთთვიანი ლოდინის შემდეგ ქართულ მხარეს ცხედარი დაუბრუნა. ექსპერტიზის შედეგების მიხედვით, არჩილ ტატუნაშვილს წამების კვალი ეტყობოდა და ამასთან, შინაგანი ორგანოები ჰქონდა ამოცლილი.