ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

გიორგი კვირიკაშვილს მაიკ პენსმა საკუთარ სახლში უმასპინძლა (ფოტოები)

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა ვაშინგტონში, საკუთარ სახლში უმასპინძლა.

პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნების ლიდერებმა ორი ქვეყნის ურთიერთობის დღის წესრიგში არსებული ყველა საკითხი დეტალურად განიხილეს, სადაც კიდევ ერთხელ მკაფიოდ დადასტურდა, რომ ამერიკა საქართველოს გვერდით დგას ყველა გამოწვევასთან გამკლავებაში, შესაძლებლობებსა თუ მიღწევებში.

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის განცხადებით, ის განსაკუთრებით აფასებს გიორგი კვირიკაშვილის, როგორც ლიდერის როლს საქართველოს დასავლური ინტეგრაციის და რეფორმების პროცესში;

საუბრისას ხაზი გაესვა საქართველოს განსაკუთრებულ ადგილს რეგიონთან მიმართებაში აშშ-ის პოლიტიკაში.
ვიცე-პრეზიდენტმა პენსმა დაადასტურა აშშ-ის მტკიცე მზაობა, გადადგას ნაბიჯები საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის, ქვეყნის თავდაცვისა და უსაფრთხოების გაძლიერებისა და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების მიმართულებით.

კვირიკაშვილის პრესსამსახურის ცნობით, საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის შეხვედრა მეგობრულ გარემოში დაგეგმილზე მეტხანს გაგრძელდა. შეხვედრის დასასრულს, გიორგი კვირიკაშვილმა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის სახლში საპატიო სტუმართა წიგნში სამახსოვრო ჩანაწერი გააკეთა.

ფოტოებს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს:

იტვირთბა....