ახალი ამბები ბლიც-ინტერვიუ მთავარი საზოგადოება

ივანიშვილი, ქართველი “ფაშისტები”, 17 მაისი, მეუფე შიო – ბლიც-ინტერვიუ დავით ბერძენიშვილთან

17 მაისი, სპეცოპერაცია კლუბებში, საპატრიარქოში მიიმდინარე მოვლენები, ბიძინა ივანიშვილი – “მეტრონომმა” “რესპუბლიკური” პარტიის წევრ დავით ბერძენიშვილთან ბლიც-ინტერვიუ ჩაწერა.

მეტრონომი: პირველ რიგში, 17 მაისი შეგვიფასეთ?

დავით ბერძენიშვილი: მე იმ ორგანიზაციების ხელმძღვანელები მესმის, რომელთაც მრავალსაათიანი მსჯელობის შემდეგ გადაწყვიტეს, რომ ხელისუფლება სანდო არ იყო და პასუხისმგებლობა არ აიღო იქ მისასვლელ ადამიანებზე და აქცია გააუქმეს. აგრეთვე მესმის და იმ ადამიანებსაც მივესალმები, ნინო ბოლქვაძეს და სხვებს, ვინც გამოაცხადა, რომ აქციას ჩაატარებდნენ. რამდენადაც ვიცი, საკმაოდ ორგანიზებული და კარგი აქცია გამოუვიდათ.

ხელისუფლება პასუხისმგებელია ნაცისტურ-ფაშისტურ ჯგუფებზე, ეს არის მისი შექმნილი და მის დაქვემდებარებაშია. თუმცა, რაკი საზოგადოებმა, პოლიტიკურმა პარტიებმა, განსაკუთრებით “რესპუბლიკურმა” პარტიამ, ხელისუფლებას შეუტია, მათ გაითვალისწინეს, რომ სირაქლემას პოზა არ გამოუვიდოდათ და მათ გაარიდეს იქაურობას ეს ადამიანები. რაც შეეხება სამღვდელოებას, ისიც ხელისუფლებაა, სამწუხაროდ ასეა. რა თქმა უნდა, ეკლესიაში არიან საკმაოდ დიდი რაოდენობის ადამიანები, მეტწილად არა მაღალ იერარქიებში, რომლებიც საკუთარ რწმენაში ძლიერები არიან და ხელისუფლებასთან შეზრდას არ კადრულობენ. ეკლესია ცუდად მოიქცა. ეკლესიამ, ჯერ კიდევ რუსთაველზე მიმდინარე აქციის დროს, აგრესიას დაუჭირა მხარი.

პრაქტიკულად, ე.წ. “მარშისტებს” დარბევისკენ მოუწოდა. ეკლესიის რესურსი დიდი არის. მას ყოველთვის შეუძლიათ 15-20 000 ადამიანის ქუჩაში გამოყვანა, მაგრამ ეს მაქსიმუმია. საპატრიარქოს უძლეველობაზე მითი არაერთხელ დაიმსხვრა. კარგი იქნებოდა, საზოგადოების საწინააღმდეგო ძალად არ ჩამოყალიბებულიყო, მაგრამ სამწუხაროდ, ამ პატრიარქის ხელში ასეა. სამწუხაროდ, საკმაოდ დიდია ალბათობა, რომ თანამოსაყდრე შიოს ხელშიც ასეთივე ან უარესი სიტუაცია. შიოს, მგონი, ბოლო 50 წელიწადში ფილოსოფიური ნაშრომი არ წაუკითხავს. ის მეტყველებს ძალიან ძველი ფილოსოფიურ-დოქტრინული მიდგომებით. წაიკითხოს მსოფლიო პატრიარქის  ბართლომეს ნაშრომები. მართმადიდებლური სამყარო, მისი დასავლური ნაწილი აზროვნებაში გაცილებით წინ არის, ვიდრე რუსულ სივრცეში ჩარჩენილი შიო და ბევრი მისი კოლეგა.

მეტრონომი: მარიხუანას დეკრიმინალიზაციას თუ ემხრობით და თავად თუ გაქვთ მარიხუანა გასინჯული?

ბერძენიშვილი: არ ვყოფილვარ არასდროს მომხმარებელი. რაც შეეხება დეკრიმინალიზაციას, არამხოლოდ მარიხუანას, არამედ ნარკოტიკის დეკრიმინალიზაციასაც ვემხრობი.

მეტრონომი: თქვენი ნება რომ იყოს, რას აკრძალავდით ქვეყანაში?

ბერძენიშვილი: საერთოდ, რაც უფრო ნაკლები რამ აიკრძალება, ქვეყნის პერსპექტივა უკეთესი იქნება. უნდა აიკრძალოს ის, რასაც კანონიც მოითხოვს.

ჩვენი ფაშისტებიც კი მშიშრები არიან. მაგათშიც კი არ ვარგიან. გამოდიან და ამბობენ, რომ ჩვენ სვასტიკა კიარა, ბორჯღალი და ჯვარი გვაქვს წითელი და შავი ფერებით. ეს არის ნაცისტური სიმბოლიკა. ერთი დაადონ მათი სამკლაური ნაცისტების სამკლაურს, ზუსტად ისეთივეა. აქამდე ძალიან ამაყად იძახდნენ ჩვენ ქართველი ფაშისტები და ორი საათით დაკავება რომ დაემუქრათ, აღმოჩნდნენ კურდღლები. ქართველი ფაშისტები არიან კურდღლები. თუმცა, კანონს ეწინააღმდეგებიან და ასაკრძალები არიან.

მეტრონომი: ვის ისურვებდით პრეზიდენტად?

ბერძენიშვილი: არ მიფიქრია ამაზე. საქართველოს პრეზიდენტი კონსტიტუციური ცვლილებების შემდეგ ცერემონიალური ფიგურაა. რომელიმე კონკრეტულ პიროვნებაზე არ ვისაუბრებდი. სასურველია, საქართველოს პრეზიდენტი  იყოს მაღალი ნდობით აღჭურვილი ზნეობრივი და ინტელექტუალური პიროვნება. საერთოდ, საპარლამენტო რესპუბლიკაში ასეთი პრეზიდენტები უნდა იყვნენ.

მეტრონომი: გვჭირდება თუ არა საზმაუ?

ბერძენიშვილი: კი, კი გვჭირდება, ოღონდ ასეთი არა, არა ხელისუფლების პირველი არხი.

მეტრონომი: საპატრიარქოში არსებული პრობლემები როგორ უნდა მოგვარდეს?

ბერძენიშვილი: ეს მათი პრობლემებია და პოლიტიკური პარტიების განსახილველი არ არის. თუმცა, ჩვენ ვაკვირდებით. რაც არ უნდა ჩაებღაუჭონ წარსულს, მოუწევთ ახალ რელსებზე გადმოსვლა, რასაც საპატრიარქოში სერიოზული შეტორტმანება მოყვება.

მეტრონომი: როგორ შეაფასებდით ღამის კლუბებში განხორციელებულ სპეცოპერაციებს?

ბერძენიშვილი: შებინდებამდე ბიძინა ივანიშვილი გახდა პარტიის თავმჯდომარე, ქვეყნის ხელისუფლება კვლავ ოფიციალურად ჩაიბარა და შებინდებისას მას ეტყობა უკვე მოახსენეს, რომ სპეცოპერაცია დაწყებულია. ეს ივანიშვილის გარეშე არ მოხდებოდა. გახარია ივანიშვილის პირადი მინისტრია.

ივანიშვილს ჩვევია სამ-ოთხ სვლიანი კომბინაციების განხორციელება, რომელსაც დიდი ხანია ამზადებს. როდესაც ის პოლიტიკაში შემოსვლას ემზადებოდა, ის თვეობით აკვირდებოდა პროცესს, პიროვნებებს, თემებს, საკითხს. შემდეგ მოხდა თავისუფალ სივრცეებზე შეტევა. ივანიშვილის გამოხელისუფლების შემდეგ, ბევრი რამ დაუგროვდა, მისი წინასწარ მომზადებული გადაწყვეტილების რეალიზაციის თვალსაზრისით. შევარდა კლუბებში, მაგრამ იქ ნარკოტიკი ვერ აღმოაჩინა. ერთი კვირის შემდეგ გვითხრეს, რომ ჩვენ აქ სამალავები ვიპოვეთო. ივანიშვილმა ჩათვალა, რომ ეს შავბნელ ნაწილს მოეწონებოდა.

ეს “მარშისტებიც” მათვე გამოიყვანეს აქციის ორგანზატორების დასაშინებლად, რომ თუ აქცია არ დაიშლებოდა, ამ ხალხს ვერ გააჩერებდნენ. ივანიშვილმა ეს კალაძის დისკრედიტაციისთვისაც გამოიყენა. აღმოჩნდა, რომ კალაძე აღმოჩნდა ფუღურო და მისი პროექტები ერთი ხელის დაპარტყუნებით შეატორტმანა.

რაც შეეხება პრემიერს, რომლის გვარიც მავიწყდება.. ხო, კვირიკაშვილს, თვითდაზიანების ფანტასტიკური უნარი აქვს. მან შეკვეთა მიიღო, რომ ეთქვა, პარტიის თავმჯდომარედ არ ვარგოდა და არც არავინ არაფერს ეკითხებოდა და მანაც შეასრულა ყველაფერი. შიდასახელმწიფოებრივი ინტრიგები ივანიშვილის სტილია, თავისუფალ სივრცეებზე შეტევა და აქ მოფაშისტო ჯგუფების გამოყენება, ესეც ივანიშვილის სტილია. ცეკას იდეოლოგი ფოფხაძე, ასავალ-დასავალები და მისი გამოზრდილი ანტილიბერალი ჟურნალისტები, ესეც ბიძინას რესურსია. სამწუხარო რეალობაა. მეორე მხრივ, არის დადებითი პროცესი. ივანიშვილი აღრმავებს ნაპრალებს საკუთარ ხელისუფლებაში. მასსა და საზოგადოებას უკეთეს ნაწილს შორის დაპირისპირებას ზრდის და ის არ იქნება ორიგინალური და ისევე სამარცხვინოდ დაასრულებეს საკუთარ საქმიანობას, უკეთეს შემთხვევაში მხოლოდ პოლიტიკურს, როგორც მისი წინამორბედები, იქნებიან ეს სააკაშვილი თუ შევარდნაძე.

მეტრონომი: ვინ არის ყველაზე ლამაზი ქართველი ქალი პოლიტიკოსი?

ბერძენიშვილი: ახლა პარტიის ოფისში ვარ, მისმენს და უხერხულია. ორი ძალიან კონკურენტუნარიანი ქალი ზის ახლა აქ და უხერხული იქნება, ამ პარტიის უფროსები არიან.

ავტორი: ბესო კუნელაური

იტვირთბა....