ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სოციალური ქსელი

დეკანოზი ლომიძე: “17 მაისის გამო – ნუ დაყოფთ საზოგადოებას!”

დეკანოზი თამაზ ლომიძე სოციალურ ქსელში 17 მაისთან დაკავშირებით სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც “მეტრონომი” უცვლელად გთავაზობთ.

“17 მაისის გამო – ნუ დაყოფთ საზოგადოებას!

იმ პირველი 17 მაისიდან 6 წლის თავზე მივედით იქამდე, რომ წელს, ეკლესიის მიერ დაწესებულ ოჯახის სიწმინდის დღის აღნიშვნას დაუფარავად შეუერთდნენ ფაშისტები, ულტრანაციონალისტები და სხვა ექსტრემალურად განწყობილი, აგრესიული ჯგუფები. ფაშისტები უკვე გამოჩნდნენ ოჯახის სიწმინდის დღეზე! აქ მაინც უნდა ჩაირთოს ე.წ. ძლევამოსილი უმრავლესობისთვის განგაშის სიგნალი და კარგად ავწონ-დავწონოთ საით მივყავართ ამ ყველაფერს. იცოდეთ, ეს პროცესი არის აზვირთებული ტალღა, მას ჯერ ზევით მიყავხართ და ამიტომ გიხარიათ, მწვერვალზეც მოგვაქცევთ და ბოლოს მწარედ დაგანარცხებთ დაბლა.

სად და რას შეენარცხებით, ესაა საფიქრალი! ეს აზვირთებული ტალღა ხალხის ცნობიერებაში თქვენ აამოძრავეთ და თქვენვე ხართ მოვალე, იფიქროთ, რით დამთავრდება ეს ყველაფერი. ამ დღეებში ბევრმა გააზიარა ამ დღისთვის საგანგებოდ შექმნილი სტიკერი “მე მიყვარს ჩემი ოჯახი” , ზედ ოჯახია გამოსახული – მამა, დედა და სამი პატარა შვილი. ჩანს, სამი შვილი უნდა იყოს სანიმუშო ოჯახში, რადგან მესამე შვილი პატრიარქის ნათლული იქნება. აი, მაგალითად, მე საქართველოში ვცხოვრობ, დედ-მამით ობოლი ვარ, მხოლოდ მოხუცი ბებია მზრდის და ამ სტიკერის დანახვა გულს მიკლავს და მწუხარებით მავსებს, მე ხომ არასოდეს მეყოლება მშობლები და და-ძმა. თქვენ მტკივნეულად დამანახეთ, რომ მე და ჩემი ორკაციანი ოჯახი განსხვავებული ვართ, ვიდრე თქვენ და თუნდაც ჩემი თანაკლასელების სანიმუშო ოჯახები. გიფიქრიათ ამაზე? ბრაზი, მწუხარება და შიში მიპყრობს, რატომ არა მყავს მშობლები და და-ძმა, მაშინ ხომ მეც შემეძლებოდა 17 მაისს ამაყად გამევლო რუსთაველზე!?

ჩემს მეზობლად უკვე ასაკში შესული წყვილი ცხოვრობს, გულით სურდათ და ძალიან უნდოდათ, მაგრამ არ ეყოლათ შვილი. დარწმუნებული ვარ, ამ სანიმუშო სტიკერის დანახვა მათაც ახსენებს საკუთარ დარდს და მწუხარება გულს უკლავთ. ნათესავები მყავს, ორი და. სნეული მშობლების მოვლას შეალიეს ახალგაზრდობა და უკიდურესი გაჭირვების გამო, ვერცერთმა ვერ შექმნა ოჯახი. ახლა დებს ერთმანეთის მეტი აღარავინ ყავთ და ერთად ცხოვრობენ, ესაა მათი ოჯახიც. ალბათ მათაც მწუხარებით იგრძნეს ამ დღეებში თავიანთი “ნაკლულება”. ნუთუ მართლა, გგონიათ, რომ ასეთი იმპულსები ამგვარი ადამიანების სულში სასარგებლოდ წაადგება ქვეყანას და საზოგადოებას? საპირისპირო სქესთან ოჯახის შექმნა და გამრავლება ისეთივე ბუნებრივი სურვილი და ლტოლვაა ადამიანისთვის, როგორც სიცოცხლის და სიყვარულის სურვილი, შეუძლებელია ეს გაქრეს, ამას ვერავინ დაამარცხებს სანამ ადამიანი იარსებებს. ასე შექმნა ღმერთმა ადამიანი, ეს ბუნებრივია მისთვის და თქვენი ლოზუნგები სრულიად უსარგებლოა ამ საქმეში. თქვენ მხოლოდ მიეცით ადამიანებს ადამიანური ცხოვრების, ოჯახის შექმნის და რჩენის საშუალება და ეს მათი ბუნებრივი ინსტინქტი იმწამს იფეთქებს, აყვავდება და გაიშლება. არაა საჭირო ეს კომუნიზმის გადმონაშთები, ეს ლოზუნგები, ტრაფარეტები და სტიკერები. ნუ დაყოფთ საზოგადოებას. აცალეთ სიცოცხლე და თვითონ მიხედავენ საკუთარ ოჯახს!”, – წერს გერმანიაში მოღვაწე დეკანოზი.

შეგახსენებთ, რომ გუშინ მთავრობის კანცელარიასთან ლგბტ აქტივისტებმა და მათმა მხარდამჭერებმა ჰომოფობიის და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღე აღნიშნეს. ამავდროულად იმართებოდა კონტრაქცია, რომელიც ითხოვდა, რომ კანცელარიასთან აქცია არ ჩატარებულიყო.

იტვირთბა....