მთავრობის ადმინისტრაციასთან უსაფრთხოების ზომები გაამკაცრეს. გადაკეტილია ადმინისტრაციის შენობასთან მისასვლელი ყველა ძირითადი და მიმდებარე ქუჩა. სამართალდამცველები ამოწმებენ ყველას, ვინც ინგოროყვას ქუჩაზე შედის.
სამართალდამცველთა ჯაჭვი აქვს შემორტყმული კანცელარიის წინ ტერიტორიას, სადაც შესაძლოა აქციის მნაწილეები გამოჩდნენ. ოფიციალური ინფორმაციით ლგბტ აქტივისტების მიერ 19:00 საათისათვის დაანონსებული შეკრება გაუქმდა, თუმცა შესაძლოა კანცელარიასთან ცალკეული პირები საკუთარი ინიციატივით მივიდნენ.
17:00 საათისთვის ადგილზე შეკრებას გეგმავენ ქართული მარშის წევრებიც. კანცელარიასთან ასობით პოლიციელია მობილიზებული, ადგილზე მიიყვანეს ე.წ ყვითელი ავტობუსებიც.
17 მაისს, ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორიო დღეც აღინიშნება, რასთან დაკავშირებითაც თბილისში, 19:00 საათზე მთავრობის კანცელარიასთან “თანასწორობის მოძრაობის” აქცია უნდა გამართულიყო, თუმცა გუშინ მათ აქციის გამართვაზე უარი განაცხადეს, რადგანაც ჩათვალეს, რომ მათი უსაფრთხოება შესაძლოა სათანადოდ დაცული არ ყოფილიყო. ლგბტ/ქვიარ აქტივისტები, მათი მეგობრები, ოჯახის წევრები და მხარდამჭერები, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და საქართველოს მოქალაქეები უნდა შეკრებილიყვნენ, რომ საზოგადოებას სიძულვილისა და აგრესიის დამანგრეველი შედეგები შეახსენონ.
მას შემდეგ, რაც 2013 წლის 17 მაისს თბილისში ჰომოფობიის წინააღმდეგ გამართული აქცია სასულიერო პირებმა და მათმა მხარდამჭერებმა დაარბიეს, საქართველოს პატრიარქის, ილია მეორის ინიციატივით, 17 მაისი საქართველოში ოჯახის სიმტკიცის დღედ გამოცხადდა. დღეს ქაშუაეთის ეკლესიაში საყოველთავო წირვა-ლოცვა და ჯვრისწერა გაიმართება.