ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

უსუფაშვილი: “ბევრი 17 მაისი მოვა, ამიტომ მშვიდობიანი თანაარსებობა უნდა ვისწავლოთ”

“შენების მოძრაობის” ლიდერმა “მეტრონომთან” ბლიც-ინტერვიუს დროს 17 მაისზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ქვეყანაში ერთმანეთის მიუღებლობისა და სიძულვილის მუხტია დაგროვილი.

“პირველ რიგში, უნდა ვიცოდეთ, რომ ამ ქვეყანაში ბევრი 17 მაისი მოვა და ყველას დიდხანს სიცოცხლეს ვუსურვებ, ამ დღის მომხრესაც და მოწინააღმდეგეებსაც. ამიტომ ჩვენ ამ ქვეყანაში თანაარსებობა უნდა ვისწავლოთ. არასოდეს არ იქნება, რომ ყველა ერთ ჭკუაზე იყოს, ერთნაირად ეზეიმობედს, აპროტესტებდეს ან მხარს უჭერდეს. ამიტომ, ჩვენ ერთმანეთს უნდა მივცეთ საშუალება, რომ ჩვენს ქვეყანაში ვიცხოვროთ თავისუფლად და ეს ყველამ უნდა შეიგნოს.

ეს ყველაფერი სახელმწიფო პოლიტიკის დონეზეა დასამკვიდრებელი. მხოლოდ მოქალაქეთა შეგნებით ასეთი რამ არ გვარდება. სამწუხარო რეალობაა, რომ ქვეყანაში ერთმანეთის მიუღებლობისა და სიძულვილის მუხტია დაგროვილი. ქვეყანაში უამრავი კონფლიქტია დაგროვილი, რომელიც თავის დროზე არ გადაწყდა. ეს არის ნაღმები, რომელზეც ვცხოვრობთ. პოლიტიკური წრეგადასული დაპირისპირებები პარლამენტსა და მის გარეთ, მოქალაქეებს აძლევს მაგალითს, რომ მათაც ასე უნდა გაარკვიონ ერთმანეთში ურთიერთობა. ეს არის მოსაგვარებელი”, – განაცხადა უსუფაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 17 მაისი ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღეა. ლგბტ აქტივისტები, მათი მხარდამჭერები და არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი მთავრობის კანცელარიასთან 19:00-ზე შეიკრიბებიან ამ დღის აღსანიშნავად.

ამავდროულად, საქართველოში 17 მაისი ოჯახის სიწმინდის დღეცაა. რის გამოც, საეკლესიო პირები მსვლელობას გამართავენ, მათ შეურთდებიან მოქალაქეები და სხვადასხვა ორგანიზაციის წარმოამდგენლები. მათ შორის იქნება “ქართული მარში”, რომელიც ჰომოფობიური განცხადებებით გამოირჩევა.

იტვირთბა....