ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სოციალური ქსელი

მამა პეტრე: “უნდა მდგარიყო თუ არა ჩემი შვილი რუსთაველზე?! კი, უნდა მდგარიყო”…

მამა პეტრე კოლხი აქციებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

“ჩემი შვილი, შენი შვილი და სხვისი შვილი სანამ არ დამთავრდება, მანამდე შეუძლებელია გამოსავალი მოვნახოთ…

გადავწყვიტოთ და ვაღიაროთ, რომ სასულიერო პირის შვილიც ამ საზოგადოების, ამ გარემოს, ამ რეალობის ნაწილია… დიახ, ნაწილია და ეს ძალიან კარგია, რადგან იზოლაციაში მოქცეული ადამიანი პიროვნებად ვერასდროს, მითუმეტეს ვერც მოაზროვნედ ჩამოყალიბდება…

რაც შეეხება კითხვას-უნდა მდგარიყო თუ არა ჩემი შვილი გუშინ რუსთაველზე?!
სანამ ვიტყოდე კი ან არას, მანამდე უნდა ვთქვათ, რომ აკრძალვამ არასდროს გამოიღო შედეგი…
იქ, რუსთაველზე მომხმარებლების გარდა აბსოლუტურად ჯანსაღი მხარეც იდგა…
იდგა იმიტომ, რომ ისინი თვლიდნენ, მათი კლასელი, მეზობელი, მეგობარი ძალადობით და მუქარით დააშანტაჟეს!..

ეს ის თაობაა, ის ნაწილია, რომელმაც თავის დროზე და ამ დღეებშიც არასრულწლოვანთა კლუბში შესვლაც გააპროტესტა, აპროტესტებდა ,,თეთრ სიკვდილსაც”, აპროტესტებდა უზნეობას, ამორალიზმს, მაგრამ საკამათო ის აღმოჩნდა, რატომ იდგნენ ,,დაბოლილების” გვერდით…

ისინი გმობდნენ ძალადობას… დიახ, თავის დროზე ძალადობის, აგრესიის, სიძულვილის გამო წავიდნენ სახლიდან, ხელიდან და ჯოჯოხეთს მოაწერეს ხელი…

თაობებს შორის ჩატეხილი ხიდი თუ ოდნავ მაინც გამთელდება, ხელი არ უდა შევუშალოთ… მათ მხარეს დავდგეთ და ბოლო წერტილამდე შევეცადოთ გადარჩენას…

მე მაქვს კითხვა მათთან, ვინც ეს დღეები რუსთაველზე იდგა და ძალადობას აპროტესტებდა…
თუ ყოფილან ოდესმე ისეთი ერთსულოვანი ტატუნაშვილის გამო?! ან იმის გამო, როგორ გვიღებს ბოლოს მცოცავი აგრესია?! ან იმისთვის, გაუნათლებლობამ და უწიგნურობამ ბოლო რომ მოგვიღო?!
რატომ მაყენებს შეურაცხყოფას ჩემი რელიგიის, მრწმამსის, აღმსარებლობისთვის?! რატომ არ უნდა გაიგოს, ამ თაობის ქმედებები ხშირად ძალადობას ემსგავსება, როდესაც თავი ყოველთვის მართალი ჰგონია…
ჩვენი ბრალია, ჩვენს შვილებში თუ ბევრი ხარვეზია… ყველა სიტუაციიდან გამომდინარე, ისინი ჩვენზე უკეთესები მაინც გაიზრდებიან… ჩვენ შეზღუდვების თაობა ვარ, რამაც გონებრივადაც ნეგატიურად იმოქმედა…
კანონი და რელიგია ყველას შიგნით უნდა გვქონდეს გამჯდარი, თავად უნდა ვიცოდეთ, სად მთავრდება თავისუფლება და სად იწყება უზნეობა…

უნდა მდგარიყო თუ არა ჩემი შვილი რუსთაველზე?! კი, უნდა მდგარიყო… თავისი თვალით დაენახა, რა დილემის, უბედურების წინაშე დგას ჩვენი მომავალი… უნდა გაეაზრებინა, როგორი უნდა იყო, ან არ იყო…
პროტესტი კარგია, აუცილებელიც…
ოღონდ, პირველ რიგში საკუთარი თავის, შეცდომების და ხარვეზების მიმართ უნდა გამოვხატოთ პროტესტი”, – წერს მამა პეტრე.

ორი დღის განმავლობაში ახალგაზრდები თავისუფლების მოთხოვნითა და კლუბებში “ბასიანი” და “გალერი” სპეცოპერაციის შედეგად ძალისმიერი მეთოდებით ადამიანების დაშლას აპროტესტებდნენ. შსს-ს ცნობით, სპეცოპერაციის შედეგად 8 ადამიანია დაკავებული ნარკოტიკების შენახვა-რეალიზაციის მუხლით. თუმცა, სახალხო დამცველის ინფორმაციით, აღნიშნული 8 პირი სპეცოპერაციამდე არიან დაკავებული და კლუბებში მიმდინარე სპეცოპერაციას და ძალისმიერი მეთოდებით ახალგაზრდების დაშლას არაფერი საერთო დაკავებებთან არ ჰქონია.

რუსთაველის გამზირზე,  აქციის მონაწილეები პრემიერ-მინისტრისა და შს მინისტრის გადადგომას ითხოვდნენ, ასევე რეპრესიული ნარკოპოლიტიკის შეცვლას.

წუხელ აქცია მას შემდეგ დაიშალა, რაც აქციაზე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი ხარაია მივიდა და აქციის მონაწილეებს მაგიდასთან მოლაპარაკებები შესთავაზა. მინისტრმა ბოდიში მოუხადა აქციის მონაწილეებს და მათ ყველა მოთხოვნის განხილვა ნაბიჯ-ნაბიჯ შესთავაზა.

იტვირთბა....