ექსპერტმა ხათუნა ლაგაზიძემ გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ჰაერში კიდია კითხვები: ვინ უფრო მოიგო ამ ტიპის სპეცოპერაციით – სახელმწიფომ თუ ნარკომაფიამ?… ხომ არ იყო ეს სპეცოპერაცია ხელისუფლებაში არსებული დაპირისპირების ირიბი გამოძახილი?! – იმიტომ, რომ ამ აქციით დაზარალდა „ქართული ოცნების“ მინიმუმ სამი ლიდერის იმიჯი – თავად ივანიშვილით დაწყებული, კალაძისა და გახარიას ჩათვლით.
როგორც ხათუნა ლაგაზიძე განმარტავს, პრობლემას წარმოადგენს ისიც, რომ ახალგაზრდობას არ სჯერა ხელისუფლების, რომელსაც არა აქვს ახალგაზრდული პოლიტიკა, არ იქმნება ახალი ფასეულობები და მოძრაობები.
„დავიწყოთ იმით, რომ ნარკორეალიზატორები უნდა დააკავონ კლუბებშიც, ოჯახებშიც, ქუჩებშიც – დანდობა არ შეიძლება. ვერანაირი ღამის ეკონომიკა ვერ შედგება, თუ თაობა ამოწყდა – ვისთვის გვინდა ტურიზმი და ეკონომიკა, თუ ახალგაზრდობა დაიღუპება რამდენიმე ადამიანის ჯიბის გასქელებისთვის?! რა ქმნის ქვეყნის იმიჯს – ნარკოტიკებით თავგასული და დაუსჯელი ვაჭრობა?! ვინ თქვა, რომ კლუბები ხელშეუხებელია ან ქართული ტურიზმის საძირკველია და ვინმე საქართველოში ჩამოსვლაზე უარს იმიტომ იტყვის, რომ კლუბებში ნარკოტიკების გასაღებას ებრძვიან? თუ გვინდა, რომ ტურიზმი საქართველოში მსოფლიო ნარკომანიის მოზიდვის ხარჯზე გავზარდოთ? ისიც ცხადია, რომ სამართალდამცავებს სჭირდებათ საზოგადოების მხარდაჭერა ჩვენი მომავლის განადგურებისგან დაცვის საქმეში.
იმავდროულად, ჰაერში კიდია კითხვები: ვინ უფრო მოიგო ამ ტიპის სპეცოპერაციით – სახელმწიფომ თუ ნარკომაფიამ? ამ ტიპის ოპერაციებით ნარკობარიგებისგან ხომ არ ვქმნით ჩაგრულისა და ახალი თაობის “გმირების” იმიჯს? ხომ არ იყო ეს საჩვენებელი აქცია მაშინ, როცა ყველა ამბობს, რომ ნარკოტიკი თავისუფლად იყიდება ლამის ყველა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას – მათ შორის, მეტროებში?! ხომ არ იყო ეს სპეცოპერაცია ხელისუფლებაში არსებული დაპირისპირების ირიბი გამოძახილი?! – იმიტომ, რომ ამ აქციით დაზარალდა “ქართული ოცნების” მინიმუმ სამი ლიდერის იმიჯი – თავად ივანიშვილით დაწყებული, კალაძისა და გახარიას ჩათვლით. ან რატომ დაიგეგმა ეს სპეცოპერაცია მაინცდამაინც ბიძინა ივანიშვილის პარტიის თავმჯდომარედ ხელახლა არჩევის დღეს? ანუ მაშინ, როცა ოფიციალურად კვლავ აიღო პასუხისმგებლობა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე, თუ ვინმემ იფიქრა, რომ ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება ძალის დემონსტრირებას უნდა დაკავშირებოდა?
მაგრამ პრობლემა მხოლოდ ეს არ არის – პრობლემა ის არის, რომ ახალგაზრდობას არ სჯერა ხელისუფლების: ხელისუფლების დანაშაულია ის, რომ კონტაქტი დაკარგა საზოგადოებასთან და რაც მთავარია, ახალგაზრდებთან. ხელისუფლებას არა აქვს ახალგაზრდული პოლიტიკა, არ იქმნება ახალი ფასეულობები და მოძრაობები“, – განაცხადა ხათუნა ლაგაზიძემ.