საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელობასა და ჩვენს შორის შეთანხმება ვერ შედგა, – განაცხადა „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ წევრმა, ბექა წიქარიშვილმა.
მისი განცხადებით, ისინი ქუჩის დაკავებას მოითხოვენ, თუმცა საპატრულო პოლიციამ მათი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.
„სამწუხაროდ, ჩვენ შორის შეთანხმება ვერ შედგა. საკითხი ეხებოდა იმას, რომ ჩვენ ვითხოვთ ქუჩის სრულად დაკავებას. ხალხის საკმარისი რაოდენობა არის ამისთვის. საპატრულო პოლიცია ფიქრობს, რომ არასაკმარისია ხალხის რაოდენობა. ეს გვიბიძგებს, რომ მეტი მოვიდეთ აქ. ჩვენი მეორე მოთხოვნა იყო, რომ სპეცრაზმი გავიდეს ტერიტორიიდან. იქნებ კიდევ ერთხელ გადახედოთ ხალხის რაოდენობას და იქნებ დაგვითმოთ ქუჩა. ველოდებით თქვენგან პოზიტიურ ნაბიჯს“, – განაცხადა ბექა წიქარიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ თბილისში რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები კლუბ „ბასიანსა“ და კლუბ „გალერიში“ სპეცოპერაციას აპროტესტებენ. მათი მოთხოვნა შემდეგში მგომარეობს: ისინი პრემიერისა და შს მინისტრის მიერ თანამდებობის დატოვებას, სპეცოპერაციაზე პასუხისმგებელი ყველა პირის დასჯასა და ქართული ოცნების პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას მოითხოვენ.