ბათუმი-თბილისის მატარებელი დაუდგენელმა პირებმა მოხატეს. დილით მისულ მგზავრებს, მატარებელის მეოთხე ვაგონის კედელზე “streetart”-ი დახვდათ. ამის შესაებ ინფორმაცის აჭარის ტელევიზია ავრცელებს.
ფაქტით შეშფოთებულმა საქართველოს რკინიგზის ადმინისტრაციამ განცხადება გაავრცელა, ფაქტს ვანდალური უწოდა და საქმის გამოსაძიებლად შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა.
“ვანდალური ფაქტი რკინიგზის სადგურში. პირველ ლიანდაგში მდგომი შტადლერისორსართულიანი მატარებელი (Stadler Kiss) დაუდგენელმა პირებმა დააზიანეს, კერძოდ, მეოთხე ვაგონის კედელი სრულად მოხატეს. განრიგის მიხედვით, ღამით მატარებელი ბათუმის სადგურში 9 საათის განმავლობაში დგას. სწორედ ამ პერიოდში მოხდა დანაშაული” – წერია განცხადებაში
შეგახსენებთ, რომ უწყებამ გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.