ახალი ამბები მთავარი სამართალი

ზაზა სარალიძე: დღეს დაკითხული მოწმის ჩვენებით პირდაპირ იკვეთება მირზა სუბელიანის დანაშაული

ხორავას ქუჩაზე 2 მოზარდის მკვლელობის საქმეზე მიმდინარე სასამართლო პროცესზე ამავე საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული დაიკითხა.

როგორც ერთ-ერთი მოკლულის, დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ განაცხადა,  დღეს დაკითხული მოწმის ჩვენებით პირდაპირ იკვეთება პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსნის, მირზა სუბელიანის მიერ დანაშაულის ჩადენა.

სარალიძე ყვება, რომ მოწმის ჩვენებით, მირზა სუბელიანი მათთან სახლში იმ დროს მივიდა, როდესაც შემთხვევა რამდენიმე საათის მომხდარი იყო და მისი ძმა, ერთ-ერთ ბრალდებულთან ერთად სახლში იმყოფებოდა.

“ლუკა კალანდია, ვფიქრობ, ძალიან კარგად იყო მომზადებული ამ პროცესისთვის. დაზეპირებული ჰქონდა ის ჩვენება რომელიც მას უნდა მიეცა. ის მოამზადა ან პროკურატურამ, ან სუბელიანმა, ან ერთ-ერთი ბრალდებულის ახლობლებმა. ძირითადი რაც გამოკვეთა მან, რაც მანამდე მამამისმა და მისმა ძმამ უარყვეს, არის მირზა სუბელიანის მათ სახლში ყოფნაა. ლუკა კალანდიამ დაადასტურა, რომ მირზა სუბელიანი იყო მათთან სახლში 1 დეკემბერს, მაშინ, როცა მისი ძმა და ერთ-ერთი ბრალდებული სახლში იმყოფებოდნენ. ანუ მირზა სუბელიანმა იცოდა სად იყო ბრალდებული, მაგრამ არ წარადგინა პოლიციაში. ლუკა კალანდიას მიერ სასამართლოზე მიცემული ჩვენება, მისი ძმის ჩვენების იდენტური იყო. ისაუბრა იმაზე, რაც მისმა ძმამ და ბრალდებულმა მოუყვნენ. ის ცდილობდა თავისი ოჯახის და ძმის დაცვას, რომ არ გამოაშკარავებულიყო სხვადასხვა დეტალები”, – განაცხადა ზაზა სარალიძემ.

მისი თქმით, სუბელიანის პასუხისმგებლობას არავინ დააყენებს, რადგან როგორც სარალიძე ამბობს, დღემდე ბევრი ადამიანის პასუხისგების საკითხი უნდა დამდგარიყო, მაგრამ ეს ასე არ მოხდა.

1 დეკემბერს თბილისის ცენტრში, ვერაზე ორი არასრულწლოვანი დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. 2 დეკემბერს მეორე მოზარდიც გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ხორავას ქუჩაზე მომხდარი ინციდენტის გამო 2001 წელს დაბადებული პირი განზრახ მკვლელობის ბრალდებით 2 დეკემბერს დააკავეს. 4 დეკემბერს კი პოლიციამ კიდევ სამი პირი დააკავა.

მანამდე, პროკურატურამ აღნიშნული დანაშაულისთვის ორი პირი პასუხისგებაში მისცა. 4 დეკემბერს კი, სასამართლომ მათ პატიმრობა შეუფარდა.

იტვირთბა....