თურქეთში, ჩაის კრეფის სეზონზე, საქართველოდან უამრავი ადამიანი გადადის, მათ შორის არასრულწლოვნებიც არიან. უსახსრობის მიზეზით არაერთ მოზარდს უწევს სწავლაზე უარის თქმა.
მოზარდები სკოლიდან გამოდიან, თურქეთში მიდიან და იქ საარსებო წყაროსთვის შრომობენ. არასრულწლოვნები ძირითადად აჭარიდან, სამეგრელოდან და გურიიდან მიდიან. ინფორმაციას “გურიის მოამბე” ავრცელებს.
დაბა ნასაკირალში, დაბა ნარუჯასა და ლაითურში, ამ დროისთვის აღნიშნული დასახლებების სკოლებიდან მოსწავლეების ნახევარი სწავლას წყვეტს და მეზობელ ქვეყანაში სამუშაოდ მიდიან: “უმრავლესობა მოსწავლეებისა მეცხრე კლასიდან გაჰყავთ მშობლებს, მაღალი კლასის მოსწავლეები სამუშაოდ მიდიან და კლასებიც სანახევროდ დაცლილია. ამ ბავშვებს წართმეული აქვთ ყველაზე მთავარი, განათლების უფლება”-გვეუბნება დაბა ნარუჯის სკოლის პედაგოგი მ.ნ
ოზურგეთში ერთ-ერთი ყველაზე მჭიდროდ დასახლებული დაბა, სადაც 800-მდე კომლი ცხოვრობს, გვიანი გაზაფხულიდან ერთი თვის განმავლობაში ახალგაზრდებისგან იცლება. ზოგი მშობელთან ერთად მიდის, ზოგიც მეზობელს მიჰყავს.
მოზარდები ამბობენ, რომ ჩაის საკრეფად დილის 06:00 საათზე გადიან და საღამოს 6-7 საათამდე უმძიმეს პირობებში უწევთ მუშაობა. ვისაც მშობელი არ მიჰყვება, სხვა სრულწლოვანზე გრძელვადიან მინდობილობას აკეთებენ და დედ-მამის გარეშეც დადიან.
თანასოფლელები ამბობენ, რომ არასრულწლოვნებისთვის ასეთ მძიმე პირობებში მუშაობა არ შეიძლება, მაგრამ არც ის შეიძლება აქ ულუკმაპუროდ იყვნენ. ჩაის საკრეფად წასული სკოლის მოსწავლეები გაკვეთილებს ერთი თვე აცდენენ: “ძალიან მინდოდა მესწავლა, მაგრამ ოჯახს გაუჭირდა და მეც იძულებული გავხდი სწავლისთვის თავი მიმენებებინა. ჯერ ჩაის საკრეფად წავედი, მერე მიმტანად დავიწყე მუშაობა. 3 წელია უკვე თურქეთში ვარ. ჩემი ბავშვობის ყველაზე ძვირფასი წლები დავკარგე მძიმე სამუშაოში. ახლა ბანკეტისთვის ჩამოვედი, 3 დღეში ისევ დავბრუნდები უკან. 2 ჩემი კლასელი წავიდა ახლა, ტანსაცმლის ფული რომ დააგროვონ”
“დილით შენს სახლში გაღვიძებას არაფერი სჯობს, მაგრამ ბებია არის მძიმედ, ძვირადღირებული მედიკამნეტები სჭირდება. არავის არ უნდა იქ წასვლა და მუშაობა. აქ დღეში 20 ლარიც რომ მქონდეს ანაზღაურება, საერთოდ არ წავიდოდი, მაგრამ, არაფერი არ არის”
“დედაჩემს ოპერაცია დასჭირდა 14 ათას ლარიანი. ბანკის ვალები გვაქვს. ამას გადახდა ხომ უნდა? მივდივარ და ვმუშაობ, ძალიან რთულია, მაგრამ სხვა რა გზა გვაქვს”?-ამბობენ ახალგაზრდები.
პედაგოგების ნაწილი თვლის, რომ ხშირად 14 წლის ბავშვები თავად მშობლებს მიჰყავთ სამუშაოდ და ამას მალავენ.
ლანჩხუთის ერთ-ერთი სკოლის პედაგოგი, ლადო აფხაზავა ამბობს, რომ როცა ამ პრობლემის შესახებ რაიმე კრიტიკულს დაწერს სოციალურ ქსელებში, ყველაზე მეტი აგრესია მშობლებიდან მოდის: მიწერენ კომენტარებში-მუშაობას ვაჩვევთო…დღეში 13 საათი მუშაობა, დაბალი ანაზღაურებით, მაშინ როცა ბავშვი უნდა სწავლობდეს, შესაბამის სპეციალობას ეუფლებოდეს? სამი სახელმწიფო რგოლი უნდა იყოს ამ საქმეში ძალიან აქტიურად ჩართული, ესაა განათლების სამინისტრო, ჯანდაცვის სამინისტრო და იუსტიციის სამინისტრო. უნდა ითანამშრომლონ ამ საკითხზე და მაშინ დაიწყება ამ პრობლემის მოგვარება-ამბობს აფხაზავა.
ერთადერთი უწყება, რომელმაც ამ თემაზე კომენტარი გააკეთა ჯანდაცვის სამინისტროა, ამბობენ, რომ სხვადასხვა პროექტებით პრობლემის აღმოფხვრაზე მუშაობენ.