კომერციული ბანკებისთვის ეროვნული ბანკის ახალი რეგულაციები ამოქმედდა, რომლის მიხედვითაც, 2018 წლის 7 მაისიდან კომერციულ ბანკებს მომხმარებელთა გადამხდელუნარიანობის სრულფასოვანი ანალიზის გარეშე სესხების გაცემა ეზღუდებათ. ასეთი სესხების საერთო თანხა არ უნდა აღემატებოდეს კომერციული ბანკის საზედამხედველო კაპიტალის 25%-ს.
სებ-ის ინფორმაციით, მსესხებლის გადამხდელუნარიანობის სრულფასოვანი ანალიზის გარეშე უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხების საერთო თანხა არ უნდა აღემატებოდეს ბანკის საზედამხედველო კაპიტალის 15%-ს და სესხის გაცემისას, სესხის უზრუნველყოფის კოეფიციენტი (Loan to Value Ratio) არ უნდა იყოს 50%-ზე მეტი.
ასევე, შემოსავლის დადასტურების გარეშე საცალო სესხების გაცემის მოტივაციის შემცირება ხელს შეუწყობს საკრედიტო სტანდარტების გაუმჯობესებას საბანკო სექტორში, კომერციული ბანკების საკრედიტო პორტფელების ხარისხის გაუმჯობესებას და სოციალური პასუხისმგებლობის მქონე საკრედიტო ურთიერთობების წახალისებას.