პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე სამი ადამიანი დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, აქციის სამი მონაწილე ადმინისტრაციული წესით, წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით დააკავეს. ისინი საზოგადოებრივ წესრიგს არღვევდნენ, რის გამოც პოლიციამ შესაბამისი ზომები მიიღო.
პარლამენტის შენობის წინ ორი აქცია მიმდინარეობს. ერთს „თანასწორობის მოძრაობა“ მართავს. ისინი პარლამენტის შენობასთან ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, სოფიო კილაძის განცხადების გაპროტესტების მიზნით შეიკრიბნენ და მის გადადგომას ითხოვენ.
მეორე აქცია მათ წინააღმდეგ მიმდინარეობს. ისინი 17 მაისის აღნიშვნას კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან. გურამ ფალავანდიშვილმა “თანასწორობის მოძრაობის” წევრებს და თანამოაზრეებს კვერცხები ესროლა, რის გამოც პოლიციამ დააკავა.

