საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს განცხადებას გამოემხაურა. პრემიერის პრესსამსახურის განცხადების თანახმად, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული შეხვედრისას საუბარი ასევე რუსულ-ქართული ურთიერთობების საკითხს შეეხო.
„ამ კონტექსტში, პრემიერ-მინისტრმა გამოთქვა გულისწყრომა, რომ მოკლული არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი რამდენიმე კვირის განმავლობაში არ დაუბრუნდა ოჯახს. მაშინ, როდესაც რუსეთს ამის ყველანაირი ბერკეტი გააჩნდა. ბელარუსის პრეზიდენტთან საუბარი გაგრძელდა რუსეთთან მიმართებაში საქართველოს მთავრობის პრაგმატულ პოლიტიკასთან დაკავშირებით და აღინიშნა, რომ, როგორც ასეთი, ხალხთაშორისი ურთიერთობების დონეზე დაპირისპირება არ აღინიშნება. იმ პირობებში, როდესაც საქართველოში რუსეთიდან 1.5 მილიონი ტურისტი შემოდის არ ყოფილა დაპირისპირების არც ერთი ინციდენტი ეთნიკურ საფუძველზე. ამავე კონტექსტში გიორგი კვირიკაშვილმა ბელარუსის პრეზიდენტს უთხრა, რომ მისი ბებია იყო რუსი და დღემდე საქართველოში ბევრი შერეული ოჯახია. თუმცა, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოსთვის არსებობს წითელი ხაზები და ეს არის ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა. ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ნორმალიზება ამ ფუნდამენტურ საკითხებზე გადის. ამ მიმართულებით კი, რუსეთის ხელისუფლება ნაბიჯებს არ დგამს“, – ნათქვამია პრემიერის პრესსამსახურის განცხადებაში.