„დღეს ვანელები და ხონელები პირველ „წითელ ბარათს“ მისცემენ “ქართულ ოცნებას”, – განაცხადა “ევროპული საქართველოს” მაჟორიტარობის კანდიდატმა გიგი უგულავამ, რომელმაც, ვანისა და ხონის საარჩევნო ოლქში პარლამენტის შუალედური არჩევნებში N3 საარჩევო უბანზე ხმა უკვე მისცა.
მისი განცხადებით, მათ გამარჯვებას წინ არაფერ უდგას და ისინი ვანისა და ხონის უკეთესი მომავლისთვის იბრძოლებენ.
„დღეს ვანელები და ხონელები პირველ „წითელ ბარათს“ მისცემენ “ქართულ ოცნებას”. “ქართული ოცნება” დამარცხდება, რადგან მან მოატყუა ამომრჩეველი. უპატრონოდ დატოვა რეგიონები და მოსახლეობა. ვართ ძალიან მხნედ, რადგან გამარჯვებას წინ არაფერი უდგას, რადგან ვლიდერობთ და შესაბამისად მოვემზადებით, რადგან ის გეგმა, რაც გვაქვს, შევასრულოთ. ეს არის ვიბრძოლოთ უკეთესი ვანისა და ხონისთვის, გავაზრდევინით ხელისუფლებას პენსიები, სოციალური დახმარება, ამავდროულად გავაკეთოთ სოფლის პროგრამა, ადამიანებს ჰქონდეთ შემოსავალი და განვავითაროთ ტურიზმი”, – ამბობს გიგი უგულავა.
უგულავა ასევე დაზიანებულ პლაკატს გამოემხაურა, მისი განცხადებით, “ქართული ოცნება” პლაკატებს ებრძვის, ისინი კი სიღარიბეს ებრძვიან.
“მათგან საარჩევნო ველურობას მოველოდით წინა არჩევნებიდან გამომდინარე. ვანის მერი ღამის ეკონომიკას ანვითარებდა და პლაკატების ჩამოხევით იყო დაკავებული, თურმე ამოვარდა ქარი და მხოლოდ ჩემი პლაკატი დააზიანა, წუხელ ბანერი დააზიანეს, მათ ებრძოლონ პლაკატებს ჩვენ ვებრძვით სიღარიბეს”, – განაცხადა უგულავამ.
შეგახსენებთ, რომ დღეს ვანისა და ხონის საარჩევნო ოლქში პარლამენტის შუალედური არჩევნებში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან – პარტია “ევროპული საქართველოს“ კანდიდატი გიგი უგულავა, პარტია “საქართველოს“ კანდიდატი გიორგი ლილუაშვილი, “ტრადიციონალისტების“ კანდიდატი ზურაბ ქართველიშვილი, „ახალი ქრისტიან-დემოკრატების“ კანდიდატი მამუკა ტუსკაძე, პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატი – გივი ჭიჭინაძე და საინიციატივო ჯგუფის – სოფიო მეშველიანი, შორენა ჯურხაძე, ვაჟა კოპალიანი, თამარ კუხალაშვილი, მარინა ჩაგუნავა – მაჟორიტარობის კანდიდატი ვასილ კოპალიანი.