პარტიის პოლიტიკური მართვის სისტემაში ცვლილებებსა და პოლიტსაბჭოს შემადგენლობაზე კონსულტაციები მიმდინარეობს. ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი საუბრობს.
„დამერწმუნეთ, ყველაფერი რაციონალურად ჩამოყალიბდება. ვფიქრობ, გიორგი კვირიკაშვილი დარჩება პოლიტსაბჭოს წევრად, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არ ვიცი როგორ იქნება პოლიტსაბჭოს კონფიგურაცია. პოლიტსაბჭო რაოდენობრივად უფრო მოქნილი უნდა იყოს, თუმცა ზუსტ ციფრს ვერ დაგისახელებთ. გუნდი ერთიანია, არ არსებობს კვირიკაშვილისა და კობახიძის გუნდი“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
მისივე თქმით, პარტიაში ცვლილებები საჭიროა იმისთვის, რომ პარტიული ორგანიზმი მუდმივმოქმედ მძლავრ სტრუქტურად გარდაიქმნას და მხოლოდ წინასაარჩევნო ფუნქციონალური დატვირთვა არ უნდა ჰქონდეს.
„პარტიის თავმჯდომარეობის საუკეთესო კანდიდატი არის ბიძინა ივანიშვილი და მივესალმები ამ გადაწყვეტილებას. რასაკვირველია, დაპირისპირების თემა არ არის მეორეხარისხოვანი საკითხი, ამ თემას უახლოეს პერიოდში, უმრავლესობის ფორმატში დავუბრუნდებით, მაგრამ მთავარი საკითხი ეს არ არის, რის გამოც ბიძინა ივანიშვილი პარტიულ ორგანიზაციას სათავეში ჩაუდგება. დარწმუნებული ვარ, ეს გადაწყვეტილება პარტიულ მშენებლობასთან არის დაკავშირებული“, -განაცხადა გია ვოლსკიმ