ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ლაგაზიძე: ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკაში უკან დაბრუნება საკმაოდ სარისკო ნაბიჯია

პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე „მეტრონომთან“ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას აფასებს. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ აქამდეც რეალური მმართველი ის იყო, ხელისუფლება მისთვის ფარის ფუნქციას ასრულებდა. ახლა კი მან ეს ფარი ჩამოიშორა და ბრძოლის ველზე გამოჩნდა. ლაგაზიძეს მიაჩნია, რომ ეს მისი მხრიდან ძალიან სარიკსოა, რადგანაც არსებული გუნდით ქვეყანაში სიტუაციურად არაფერი შეიცვლება.

ამიტომ, პოლიტოლოგი ივანიშვილის მხრიდან, ამ ეტაპზე, ასეთი რადიკალური ნაბიჯის გადადგმის აუცილებლობას ვერ ხედავდა. პოლიტოლოგის აზრით, დღეს საქართველოში ოპოზიცია საკმაოდ სუსტია და მიუხედავად იმისა, რომ პარტიაში დაპირისპირება დაიწყო და ქვედა დონეებზე რეგიონებში კორუფციამ ყველაფერი წალეკა, ოპოზიცია ამ სისუსტეებითაც ვერ სარგებლობს. ამიტომ, ანალიტიკოსის აზრით, საპრეზიდენტო არჩევნებზე „ქართულ ოცნებას“ გამარჯვება მაინც გარანტირებული ჰქონდა. ანუ არსებული სახელისუფლო დაპირისპირება, თავისთავად, არ იყო იმ მასშტაბის სახელისუფლო კრიზისი, რომ ივანიშვილის დაბრუნება გამოეწვია.

” როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილს შექმნილ სიტუაციაზე სრულიად სხვა რანგის ინფორმაცია ჰქონდა, ვიდრე ეს გარედან ჩანს. მან 2015 წელს თავისი შესაძლო დაბრუნება პოლიტიკაში მხოლოდ იმ შემთხვევას დაუკავშირა, თუ ქვეყანაში უბედურება მოხდებოდა, რა თქმა უნდა, როცა ხელისუფლების წევრები ძირითადად მხოლოდ საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნების და განმტკიცების ჟინით არის შეპყრობილი, ეს ქვეყნისთვის უბედურებაა. ალბათ, ამიტომაც ის იძულებული გახდა, რომ ეს ნაბიჯი გადაედგა. ივანიშვილი ამ გუნდით, რომელიც მმართველ ხელისუფლებაში და საკანონმდებლო ორგანოში ჰყავს, ვერაფერს შეცვლის და მისი უკან დაბრუნება ამ შემადგენლობით სარისკოა.

თუ გუნდის შერჩევა კვლავ მორჩილების პრინციპით მოხდება, ეს უკვე მძიმე შედეგებს მოიტანს. შეიძლება მისმა პოლიტიკაში შემოსვლამ „ოცნებას“ 2020 წლამდე უფრო უღრუბლო დღე გაუთენოს, თუმცა, საკადრო ცვლილებების კუთხით თუ რადიკალური ცვლილებები არ მოხდა, რაც ქვეყნის განვითარებაზე დადებითად აისახება, მისი უკან დაბრუნება ძალიან მძიმედ მასვე შეიძლება შემოუტრიალდეს. ამის საზომი კი, სულ მალე საპრეზიდენტო კანდიდატის შერჩევა იქნება – თუ უსახურ და მორჩილ ადამიანს წარმოადგენს „ოცნება“ კანდიდატად, სერიოზული ცვლილებების იმედი ქვეყანაში არ უნდა გვქონდეს.

რაც შეეხება მის საპრეზიდენტო კანდიდატად დასახელებას, ვერაფერს გამოვრიცხავ. თუმცა, დავაკვირდეთ, რომ ის არა სახელმწიფო ინსტიტუციაში ანუ სახელმწიფო მართვის სტრუქტურაში, მაგალითად, პრეზიდენტად ან პრემიერად, არამედ პოლიტიკაში – პარტიაში დაბრუნდა, რაც მას მეტი მოქნილობის საშუალებას აძლევს“,-განაცხადა „მეტრონომთან“ ლაგაზიძემ.

პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ის პარტია “ქართულ ოცნება – დემოკრატიულ საქართველოს” თავმჯდომარის ხელმძღვანელის პოსტს ტოვებს და მის ადგილს ბიძინა ივანიშვილი დაიკავებს. მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილს დღეს შესთავაზა პარტიის თავმჯდომარეობა, რაზეც თანხმობა მიიღო.

იტვირთბა....