საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გუგული მაღრაძის თქმით, ბიძინა ივანიშვილის ავტორიტეტი, გამოცდილება და გონება პარტია „ქართულ ოცნებისთვის“ წარმატების მომტანია.
„დადებითად ვაფასებ ამ ინიციატივას. ახლა ახალი გამოწვევებია პარტიის წინაშე. ბატონი ბიძინას ავტორიტეტი, გამოცდილება, ჭკუა და გონება იქნება წარმატებული პარტიისთვის. ეს არის ძალიან ბუნებრივი. ეს არის ადამიანი, რომელიც იყო პარტიის დამფუძნებელი და რომელმაც მთავარი როლი შეასრულა ხელისუფლების მშვიდობიანი შეცვლის პროცესში“, – განაცხადა გუგული მაღრაძემ პირველ არხთან საუბრისას.
მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილის პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარედ არჩევით დასრულდება იმაზე საუბარი, რომ ქვეყანას არაფორმალური მმართველი ჰყავს.
„ადამიანს ექნება ოფიციალური პოზიცია. ეს წაადგება პარტიას და ქვეყანას. ეს არის ახალი ეტაპი. ახალი ეტაპის და ახალი გამოწვევების საპასუხოდ გადადგმული დადებითი ნაბიჯი. მე ბატონ ბიძინას დავუჭერ მხარს ნებისმიერ თანამდებობაზე. ასევე დავუჭერდი მხარს, თუ ის ჩვეულებრივ მოქალაქედ დარჩებოდა. მისი როლი და ავტორიტეტი მანამდე, ვიდრე ეს თაობები ვართ, ყოველთვის ძალიან მაღალი იქნება“, – აღნიშნა გუგული მაღრაძემ.