“რესპუბლიკური” პარტიის ერთ-ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი აცხადებს, რომ ის მიესალმება ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას, რადგანაც მიაჩნია, რომ ივანიშვილი თავის პარტიასთან ერთად მოღვაწეობას დაასრულებს. ბერძენიშვილი ამბობს, რომ ის “ოცნების” გადარჩენას “მოქალაქეთა კავშირის” მსგავსად ვერ შეძლებს, რადგანაც მისი დაშლა გარდაუვალია. მისი აზრით, პარტიაში ბელადომანიაა, რისი აშკარა შედეგიც ის დაპირისპირება იყო, რომელიც ამ ბოლო პერიოდში საზოგადოებამ იხილა. ბერძენიშვილი არც იმას გამორიცხავს, რომ ის პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელდეს.
“ივანიშვილი “ოცნების” პარტიის თავმჯდომარედ არ დაბრუნდებოდა, პრეზიდენტობა რომ არ სურდეს. სხვაგვარად მმართველი გუნდი ამ არჩევნებს წააგებს. მე მივესალმები მის უკან პოლიტიკაში დაბრუნებას, რადგანაც ვალდებულია, რომ ის პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღოს, რომელიც ახლა ქვეყანაში ხდება. თუმცა მგონია, რომ ივანიშვილი პოლიტიკურ მოღვაწეობას თავის პარტიასთან ერთად კრახით დაასრულებს”,-განაცხადა დავით ბერძენიშვილმა ტევე “პირველზე” საუბრისას.
შეგახსენებთ, რომ პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ის პარტია “ქართულ ოცნება – დემოკრატიულ საქართველოს” თავმჯდომარის ხელმძღვანელის პოსტს ტოვებს და მის ადგილს ბიძინა ივანიშვილი დაიკავებს.
მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილს დღეს შესთავაზა პარტიის თავმჯდომარეობა, რაზეც თანხმობა მიიღო.