პოლიტოლოგი გია ნოდია “მეტრონომთან” ბიძინა ივანიშვილის პარტიის თავმჯდომარედ წარდგენას აფასებს. მისი თქმით, პარტიაში სიტუაცია იმდენად რთულად არის, რომ ის იძულებული გახდა უკან პოლიტიკაში დაბრუნებულიყო. პოლიტოლოგი ამბობს, რომ მისმა არაფორმალურმა მმართველობამ არ გაამართლა და თავადვე ნახა, რომ “ოცნებაში” სიტუაცია უმართავი გახდა. ნოდია გამორიცხავს, რომ ის საპრეზიდენტო კანდიდატად შეიძლება დასახელდეს, თუმცა მას როგორც ჩანს ეშინია, რომ “ქართული ოცნების” საპრეზიდენტო კანდიდატი ვერ გაიმარჯვებს და მან პოლიტიკაში ღიად გამოჩენა გადაწყვიტა.
“საპრეზიდენტო კანდიდატად ბიძინა იანიშვილის დასახელება იმიტომ არ მგონია, რომ ის თავად ამბობდა, ეს არის დაბალი რანგის თანამდებობა და მას არ შეეფერება. თუმცა ამის მთავარი შინაარსი ის არის, რომ ივანიშვილმა აღიარა, რომ ეს არაფორმალური მმართველობა არა ეფექტური იყო. “ოცნების” შიგნით, როგორ ჩანს სიტუაცია იმდენად დაიძაბა, რომ სხვაგვარად მოგვარება უკვე წარმოუდგენელი გახდა. მან როგორც ჩანს გაიზიარა ე.წ. ძველი პარტიის სახეების რჩევა, რომ ის სიტუაციაში ჩარეულიყო.
ვნახეთ, რომ ეს ადამიანები მის გარდა არავის ემორჩილებიან. ივანიშვილამ გადაწყვიტა, რომ ბარემ რაღაც ფორმალურად ვმართო, მოდი და სიტუაციაში პირდაპირ ჩავერევი. ვფიქრობ, რომ ეს ერთადერთი სწორი გადაწყვეტილებაა. სხვა გამოსავალი მას მაინც არ ჰქონდა და მგონია, რომ პარტია დაშლის საფრთხის წინაშე დადგა. ამიტომ ღიად თამაშში ჩართვა გადაწყვიტა”,-აცხადებს “მეტრონომთან” ნოდია.
პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ის პარტია “ქართულ ოცნება – დემოკრატიულ საქართველოს” თავმჯდომარის ხელმძღვანელის პოსტს ტოვებს და მის ადგილს ბიძინა ივანიშვილი დაიკავებს.
მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილს დღეს შესთავაზა პარტიის თავმჯდომარეობა, რაზეც თანხმობა მიიღო.