ზუგდიდში ,,ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველის” კონფერენცია ჩატარდა, სადაც ქალაქის ორგანიზაციის თავმჯდომარედ ზუგდიდის მერი ლაშა გოგია აირჩიეს. პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა, დელეგატებს სიტყვითაც მიმართა.
თავის გამოსვლაში გიორგი კვირიკაშვილმა მადლობა გადაუხადა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს, რომლის ძალისხმევითაც, გასული დღეების განმავლობაში კიდევ 22 უგზო-უკვლოდ დაკარგული ადამიანის ნეშტი აღმოაჩინეს.
“წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ძალისხმევით, დღემდე 148 უგზო-უკვლოდ დაკარგული ადამიანის ნეშტი იქნა აღმოჩენილი და მიწას მიბარებული სათანადო პატივით. ძალიან მნიშვნელოვანია ამ ორგანიზაციასთან თანამშრომლობა, რადგან მათ აქვთ მინიჭებული მანდატი, არ გაუმხილონ მესამე მხარეს ინფორმაციის წყარო, საიდან იღებენ ცნობას დაკარგული ადამიანების თუ მათი ნეშტების ადგილსამყოფელის შესახებ.
ამიტომ, მინდა, მოვუწოდო ყველას, თუ ვინმეს აქვს ინფორმაცია უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ადგილმდებარეობის შესახებ, მიაწოდონ ცნობა ამ ორგანიზაციას, ვინაიდან ძალიან მნიშვნელოვანია, ნეშტები დაუბრუნდეს ოჯახებს, სათანადო პატივით იქნას დაკრძალული, როგორც ქართველების, ისე – აფხაზების და ოსების”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.